მატჩის წინ - რეალი VS ბარსელონა
Aa
Aa

მატჩის წინ - რეალი VS ბარსელონა

მსოფლიოს სპორტული სამყაროს ყურადღება "სანტიაგო ბერნაბეუსკენაა" მიპყრობილი, სადაც "რეალი" და "ბარსელონა" ისტორიაში 266-ედ დაუპირისპირდებიან. 

ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალი“ პირველ საშინაო „ელ კლასიკოს“ ითამაშებს. აქამდე ორი მატჩი „ნოუ კამპზე“ შედგა და ზიდანის ბიჭებმა ერთი 2:1 მოიგეს, ხოლო მეორე 1:1 ითამაშეს.

"რეალს" ჩემპიონატის ეგიდით საკუთარ მოედანზე გასული წლის 26 თებერვლის შემდეგ არ წაუგია და ეს სერია 21 შეხვედრას ითვლის. 

მასპინძლები შეხვედრას ვარანისა და პეპეს გარეშე ხვდებიან. სამაგიეროდ მომჯობინდა გარეტ ბეილი. სტუმართა შორის შესაძლოა მატიემ და არდამ ვერ ითამაშონ. ნეიმარი დისკვალიფიცრებულია, ხოლო რაფინია და ვიდალი განაცხადში ტრავმის გამო არ არიან. 

საინტერესო ფაქტები

* "ელ კლასიკოს" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესია, რომლის ანგარიშზეც 21 გოლია. მეორეზე 18 ბურთით ალფრედო დი სტეფანოა, ხოლო მესამე ადგილს 16 გოლით კრიშტიანუ რონალდუ იკავებს. 

* ჩემპიონატის ეგიდით მესიმ "რეალს" 14-ჯერ გაუტანა. 

* მესის "ელ კლასიკოში" 2014 წლის 23 მარტის შემდეგ, უკვე 6 თამაშია აღარ გაუტანია.

* ბოლო პერიოდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონას" კარგი შედეგები აქვს - უკანასკნელი 13 სტუმრობიდან 7 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 3 წააგო.

* მასპინძელთა მცველი ნაჩო ფერნანდესი, რომელსაც "რეალის" მაისურით 112 თამაში აქვს ჩატარებული, თავის პირველ "ელ კლასიკოს" ითამაშებს. 

ამჟამად „რეალსა“ და „ბარსაში“ მოთამაშე ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტ „კლასიკოში“ მონაწილეობა ანდრეს ინიესტას აქვს მიღებული, რომელიც კვირას 35-ე "ელ კლასიკოს" ჩაატარებს. ისე კი, ამ მხრივ რეკორდსმენი 43 მატჩით, „რეალის“ 80-90-იანი წლების ლეგენდა მანოლო სანჩისია.

* იმავე ინიესტას ესპანეთის ჩემპიონატში 519 დღეა გოლი არ გაუტანია. თანაც საინტერესოა, რომ ბოლო ზუსტი დარტყმა მან სწორედ "რეალის" კარში შეასრულა. ეს 2015 წლის 21 ნოემბერს მოხდა, როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსამ" "რეალი" 4:0 გაანადგურა. 

* კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ, ლა ლიგაში ინიესტას ბოლო 1129 დღეში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი.

მიმდინარე ჩემპიონატის სტატისტიკური მონაცემები

33 - გაშვებული გოლები - 30

8 - მშრალი მატჩები - 12

1878 - მოგებული ორთაბრძოლები - 383

183 - წაგებული ორთაბრძოლები - 160

მწვრთნელების კომენტარები

ზინედი ზიდანი: "არ ვფიქრობ, რომ ხვალ შესაძლო მოგება ჩვენ ჩემპიონებს გაგვხდის, რადგან წინ კიდევ ბევრი მატჩია.

რაც შეეხება ბეილს, იგი განაცხადში იქნება, თუმცა ითამაშებს თუ არა ჯერ არ ვიცი. 

ჩვენ ფავორიტები არ ვართ, რადგან ეს ის თამაშია, სადაც ძალიან ბევრი ბრძოლა და შრომა მოგვიწევს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მოგებაზე ვითამაშებთ. როგორც კი მსაჯი სასტვენს მისცემს, თამაშის გაკონტროლება იმ წამიდანვე უნდა ვცადოთ. 

როცა "რეალში" თამაშობ ან მუშაობ, ბუნებრივია, რომ ყველა მატჩის წინ წნეხის ქვეშ ხარ, თუმცა მეორე მხრივ ეს კარგია, რადგან მოდუნების საშუალება არ გეძლევა. 

ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. ჩვენ მის დამარცხებას გულშემატკივართან ერთად ვეცდებით".

ლუის ენრიკე: "ჩვენ ეფექტურად უნდა ვითამაშოთ და არ ვიფიქროთ იმაზე თუ რა ხდება სატურნირო ცხრილში. მოედანზე მოსაგებად გამოვალთ, რადგანაც ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია. ფეხბურთელები 100%-ით მზად არიან.

თუკი ტიტულს დავკარგავთ, ტრაგედია არ უნდა შევქმნათ და ეს ფაქტი ჩვეულებრივ მივიღოთ. 

რა თქმა უნდა, ჩემ შეხედულებებზე არ ვისაუბრებ და არც იმაზე დავიწყებ მარჩიელობას, მეტოქის მხრიდან რომელი ფეხბურთელები ითამაშებენ. 

ჩვენ მოედანზე ერთ მუშტად შეკრულნი უნდა გამოვიდეთ და ყველას ვაჩვენოთ, როგორი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები