Aa
Aa

"მეფის" მეფური მატჩი და "კლივლენდმა" თითქმის დაამთავრა...

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფის მორიგი დღე იყო. გამთენიისას 3 მატჩი დასრულდა. 

შემდეგი ეტაპის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა "კლივლენდმა", რომელმაც "ინდიანას" მისსავე არენაზეც მოუგო. არადა "პეისერსი" გამარჯვებასთან საკმაოდ ახლოს იყო, რადგან ბოლო მეოთხედის წინ 7 ქულას იგებდა, თუმცა ბოლოს ლებრონმა და კომპანიამ იძალეს - 114:119 და სერიაში ანგარიში 3:0 გახდა.

მეფური მატჩი ჩაატარა "მეფე ლებრონმა", ვინც სამმაგი დუბლი შეასრულა. მან 41 ქულას, 13 მოხსნა და 12 ასისტი მიუმატა, რითაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მასპინძელთა მხრიდან გამორჩეული პოლ ჯორჯი გახლდათ და მას სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 ასისტი დააკლდა - 36 ქულა, 15 მოხსნა და 9 ასისტი. 

სერიაში პირველი თამაში წააგო "სან ანტონიომ", რომელიც მემფისში, FedExForum-ზე დამარცხდა. კონლის (24 ქულა), რენდოლფისა (21) და გასოლის (21) კარგი თამაშის შედეგად "მემფისმა" შეხვედრა 105:94 მოიგო და სერიაში ანგარიში 2:1 გახადა. 

დღის მესამე მატჩი "მილუოკისა" და "ტორონტოს" შორის შედგა. სერიაში ანგარიში 1:1 გახლდათ და წინ გასასვლელად დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი, თუმცა ჯეისონ კიდის ბიჭებმა მეტოქე თავიდანვე მარწუხებში მოაქციეს და პირველი მეოთხედი მთელი 20 ქულით, 32:12 მოუგეს, რის შემდეგაც უპირატესობა აღარც გაუშვიათ და დიდი სხვაობით იმარჯვეს - 104:77.

"ბაქსის" მხრიდან საუკეთესო კრის მიდლტონი იყო - 20 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი, თუმცა გამარჯბაში არანაკლები წვლილი იანის ანტეტოკუმპოს მიუძღვის, რომელმაც 19 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტი ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები