NBA-ში ფლეი-ოფები გახურდა -
Aa
Aa

NBA-ში ფლეი-ოფები გახურდა - "ჩიკაგომ" აიწყვიტა...

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფის მატჩები გახურდა. დღეს გამთენიისას 3 შეხვედრა გაიმართა, რომლებიც ძალიან საინტერესო გამოდგა. 

მთავარი ამბავი ბოსტონში, TD GARDEN-ში, მოხდა, სადაც "ჩიკაგომ" აიზია ტომასი და კომპანია კიდევ ერთხელ დაამარცხა. "ხარებმა" თამაში ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და მეტოქეს ოთხივე მეოთხედი მოუგეს, საბოლოო ჯამში 97:111 და "ჩიკაგომ" ორი გასვლითი მატჩის მოგებით სერიაში საგრძნობი უპირატესობა შეიქმნა.

გამარჯვებულთა შორის ჯიმი ბატლერი და დუეინ უეიდი გამოირჩნენ. მათ 22-22 ქულა მოაგროვეს. თუმცა ბატლერი უკეთესი იყო, რადგანაც 8 ასისტი და 8 მოხსნაც ჩაიწერა, ხოლო ვეტერანი უეიდის ანალოგიური მაჩვენებელი 2 ასისტი და 4 მოხსნა გახლდათ.

"ჩიკაგო" სერიას 2:0 იგებს. სერიის მომდევნო ორი თამაში უკვე ჩიკაგოში ჩატარდება. 

ტორონტოში, Air Canada Centre-ში კი, "ტორონტომ" "მილუოკი" მიიღო და სერიაში წონასწორობა აღადგინა. 

თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა, იგი ქულა-ქულაში მიდიოდა, შედეგად ბრძოლა ბოლო წამებამდე გაგრძელდა. საბოლო ჯამში უფრო ზუსტი კანადელები აღმოჩნდნენ, მათ გადამწყვეტ მომენტებში იძალეს და 106:100 იმარჯვეს. 

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა, წაგებული გუნდის წარმომადგენელმა, "ბაქსის" ლიდერმა, იანის ანტეტოკუმპომ დააგროვა. ბერძენმა 24 ქულას, 15 მოხსნა და 7 ასისტიც წაუმატა. ანტეტოკუმპოზე 1 ქულით ნაკლები ჩააგდო დემარ დეროუზანმა, ხოლო კაილ ლოურის ანგარიშზე 22 ქულა იყო. 

რაც შეეხება დღის მესამე მატჩს, ის კალიფორნიაში ჩატარდა. "კლიპერსმა" "იუტა" მიიღო და "ტორონტოსი" არ იყოს, სერიაში ანგარიში გაათანაბრა. 

მასპინძლებმა უპირატესობა პირველსავე მეოთხედში მოიპოვეს და ის ხელიდან აღარც გაუშვიათ. მათ პირველი მეოთხედი 29:18 მოიგეს. დანარჩენი მეოთხედები თანაბარ ბრძოლაში გაილია, რამაც "კლიპერსი" გამარჯვებამდე მიიყვანა - 99:91.

კრის პოლმა ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 21 ქულა, 10 ასისტი. პოლი შედეგიანობის კუთხით მეორე გახლდათ, რადგან მასზე მეტი, 24 ქულა, ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო. 

ფლეი-ოფი გრძელდება. ხვალ გამთენიისას მორიგი სათამაშო დღეა. "ვაშინგტონი" "ატლანტას" მიიღებს, "ჰიუსტონი" - "ოკლაჰომას", ხოლო "გოლდენ სტეიტი" - "პორტლენდს". სამივე მასპინძელი სერიას 1:0 იგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები