Aa
Aa

"გოლდენ სტეიტმა" ფლეი-ოფი გამარჯვებით გახსნა

ვარსკვლავებით სავსე „გოლდენ სტეიტმა“ პლეი ოფი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ სერიაში ოკლენდელებმა „პორტლენდს“ უმასპინძლეს და 121:109 გამარჯვებით 1:0 დაწინაურდნენ.

„გოლდენ სტეიტმა“ დამაჯერებლად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე - შეტევაში და სერიის პირველი მატჩი ისე მოიგო, მეტოქესთვის შანსი არ მიუცია. „პორტლენდი“ თამაშობდა ტრავმირებული ბოსნიელი ცენტრის - იუსუფ ნურკიჩის გარეშე, თუმცა დამიან ლილარდი და სიჯეი მაკოლუმი დიდებულად გაისარჯნენ. პირველმა 34, ხოლო მეორემ - 41 ქულა მოაგროვა, თუმცა გუნდურად მოთამაშე „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ.

ოკლენდელთა შორის 32 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგ დუბლს უწია კევინ დიურნტმა. სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა დრეიმონდ გრინს, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 9 პასი, 5 დაფარება და 3 ჩაჭრა დააგროვა. 29 ქულით გამოირჩა სტეფ კარი, ხოლო კლეი ტომპსონის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.

„გოლდენ სტეიტის“ სატარტო ხუთეულის კიდევ ერთმა წევრმა - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ 12 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულას 2 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. ფაჩულიამ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. სათადარიგოთაგან საუკეთესო იყო იან კლარკი, რომელმაც 12 წუთში 12 ქულა მიითვალა. ანდრე იგუდალამ კი 33 წუთი ითამაშა და ოკლენდელებს 2 ქულასთან ერთად 4 პასი მიაშველა.

სერიის მეორე მატჩი კვლავ ოკლენდში, 20 აპრილს გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები