ფაჩულიას
Aa
Aa

ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ვაშინგტონი" დაამარცხა

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ „ვაშინგტონ უიზარდსზე“ შური იძია. ამ გუნდთან წინა შეხვედრა, რომელიც 28 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართა, ოკლენდელებმა წააგეს, თანაც კევინ დიურანტი დაუშავდათ და ეს უკანასკნელი დღემდე მკურნალობს. დღეს, ვაშინგტონელები ოკლენდს ესტუმრნენ, სადაც „გოლდენ სტეიტმა“ მათ გამანადგურებელი მარცხი აგემა - 139:115.

„უიზარდსის“ ძლევით ოკლენდელებმა ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვეს, რითაც კიდევ უფრო მიუახლოვდნენ რეგულარული ჩემპიონატის მოგებას. „ვაშინგტონთან“ დღვანდელი მატჩი არ ყოფილა მასპინძელთათვის რთული. „გოლდენ სტეიტმა“ მეთოდურად მოიგო ყველა პერიოდი და საბოლოო ჯამში უპირატესობამ 24 ქულა შეადგინა.

ცენტრები შეხვედრაში ნაკლებად დატვირთული იყვნენ. ორივე გუნდის სასტარტო მეფარეს შედარებით ნაკლები სათამაშო დრო დაეთმოთ. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 14 წუთი დაჰყო, ხოლო ვაშინგტონელთა პოლონელმა ცენტრმა, მარცინ გორტატმა 16 წუთი ითამაშა. ფაჩულიამ კიდევ ერთხელ აჯობა პრინციპულ ოპონენტს, რომელსაც ნბა-ს მოედნებთან ერთად სანაკრებო დონეზეც ხვდება ხოლმე.

ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 მოხსნა ჩააგდო. ჯამში მოგროვებულ 8 ქულას ზაზამ 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიამატა. ფაჩულია 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. მარცინ გორტატმაც 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმოდან კი მხოლოდ 1 მოათვსა კალათში. 7 ქულასთან ერთად პოლონელმა ცენტრმა 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც ერთხელ დაკარგა.

„გოლდენ სტეიტს“ ისევ სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 9 სამქულიანი, ჯამში კი 42 ქულა მიითვალა, რასაც 8 შედეგიანი გადაცემა და თითო მოხსნა-ჩაჭრა მოაყოლა. სამმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც ოკლენდელებს 11 ქულა, 12 მოხსნა და 13 პასი მიაშველა.

63 მოგებითა და 14 წაგებით გოლდენსტეიტელები დასავლეთ კონფერენციისა და მთლინად ლიგის მწვერვალზე მყარად არიან. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 5 აპრილს, შინაურ არენაზე „მინესოტასთან“ გმართავენ.

 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები