Aa
Aa

"იუვენტუსი" ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების 3 ფეხბურთელის შეძენას ეცდება!

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, "იუვენტუსის" სკაუტები იტალიისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების ორშაბათს გამართულ ამხანაგურ შეხვედრას ესწრებოდნენ და ესპანელთა 3 ფეხბურთელს: ექტორ ბელერინს, მარკო ასენსიოსა და ინაკი უილიამსს, უშუალოდ სტადიონიდან აკვირდებოდნენ. 

"ბებერი ქალბატონის" მხრიდან ბელერინის მიმართ ინტერესზე კარგა ხანია იწერება და არამარტო იტალიურ პრესაში... დაინტერესება მართლაც სერიოზულია და რეაქტიული განაპირა მცველი ზაფხულში იტალიელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. ამ შემთხვევაში პრობლემა ფეხბურთელის კონტრაქტია, რომელიც მას "მეთოფეებთან" 2023 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, ტურინელთა ბოსებს მსუყე თანხის გადახდა მოუწევთ. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ბელერინით სხვა ევროპულ კლუბებთან ერთად, თვით კატალონიის "ბარსელონაც" ინტერესდება. 

რაც შეეხებათ ასენსიოსა და უილიამსს, პირველი მათგანი "რეალში" სათამაშო დროით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვების წინააღმდეგი არაა, ხოლო "ბილბაოს" ფორვარდთან, თუ ჩვენ იტალიელ კოლეგებს დავუჯერებთ, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ინფორმაციისთვის დავამატოთ, რომ უილიამსის ამჟამინდელ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც მსურველ კლუბს მისი გამოსყიდვა 50 მილიონ ევროდ შეუძლია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები