Aa
Aa

"გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "ჰიუსტონი" დაამარცხა

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ჰიუსტონში „როკეტსი“ დაამარცხა, რითაც რეგულარული ჩემპიონატის მოგების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და შესაბამისად, ლიდერი ოკლენდელების დამარცხების სოლიდური ამბიციაც ჰქონდა, მაგრამ ზაზა ფაჩულიას გუნდმა დიდებულად ითამაშა და მასპინძელი 113:106 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე ბოლო ხანებში სტანდარტულად ქცეული - 14 წუთი გაატარა. ფაჩულიამ ერთადერთი ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 3 მოხსნით და 2 პასით დაასრულა. ზაზმ 4 პერსონალური მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

„გოლდენ სტეიტს“ 32 ქულით, 10 მოხსნით და 7 პასით სტეფ კარიმ ულიდერა, კლეი ტომპსონმა კი სტუმრებს 25 ქულა შეაშველა. ოკლენდურმა გუნდმა პირველი პერიოდი 37:20 მოიგო, რის შემდეგაც ლიდერობა აღარ დაუთმია და გამარჯვებამდეც ღირსეულად მივიდა. ჰიუსტონელებმა რამდენჯერმე 2 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, მაგრამ სტუმრებმა მეტის საშუალება აღარ მისცეს.

ეს გახლდათ „გოლდენ სტეიტის“ მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის მე-200 კარიერული გამარჯვება, რომელიც მან 238-ე მატჩში მიაღწია. ეს კი ნბა-ს აბსოლუტური რეკორდია. ერთი, რომ კერი უმრწემესია, რომელსაც ნბა-ში 200 გამარჯვება მოუპოვებია, მეორეც, ასე მცირე მატჩებში ამდენი მოგებაც ვერავის მოუხერხებია. მაგალითდ, ლეგენდარულმა ფილ ჯექსონმა პირადი მე-200 გამარჯვება 270-ე მატჩში იზეიმა.

„გოლდენ სტეიტმა“ თავისებური რეკორდი მიითვალა, რაც ზედიზედ 3 სეზონში მინიმუმ 60 გამარჯვების მოპოვებას გულისხმობს. ოკლენდელებს 60 მოგების წილ 14 მარცხი აქვთ და რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი 8 მატჩიდან 6 მოგება ჰყოფნით, პირველობა რომ მოიპოვონ. მორიგ მატჩში, 30 მარტს, „გოლდენ სტეიტი“ უშუალო კონკურენტსა და მდევრ „სან ანტონიოს“ შინაურ არენაზე ხვდება. 

 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები