არგენტინა მესის გარეშე ბოლივიაში წაიქცა... ბრაზილია უკვე მუნდიალზეა!
Aa
Aa

არგენტინა მესის გარეშე ბოლივიაში წაიქცა... ბრაზილია უკვე მუნდიალზეა!

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის, სამხრეთ ამერიკულ ზონაში, მორიგი ტურის მატჩები ჩატარდა, რომელთა შედეგებმაც ცხრილში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, თუმცა ეს სრულებით არ ეხება ბრაზილიის ნაკრებს, რომელმაც რუსეთის სტადიონებზე თამაში შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდა. 

"პენტაკამპეონებმა", სან პაულოში, პარაგვაის ნაკრები მიიღეს და მარტივად, 3:0 დაამარცხეს. მასპინძელთა შორის კოუტინიომ, ნეიმარმა და მარსელომ შეაგდეს. "რეალის" განაპირა მცველმა საგოლე პასიც შეასრულა, დანარჩენი ორი გოლისას ასისტენტობა კი პაულინიომ გასწია. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 53-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:0 იყო, ნეიმარმა პენალტის გატანა ვერ შეძლო. 

ლიონელ მესის გარეშე დარჩენილმა არგენტინის ნაკრებმა ბოლივიაში წააგო და სიტუაცია გაირთულა. შეხვედრის ბედი არსესა და მორენოს გოლებმა გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ მესის ჩილესთან მატჩისას მსაჯისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცჰყოფა არ აპატიეს და იგი კიდევ 3 სანაკრებო შეხვედრას გამოტოვებს. თუმცა არგენტინის ნაკრების ქომაგებისთვის სასიხარულოდ, მათ საყვარელ ნაკრებს დარჩენილ მატჩთაგან 2 ისეთი აქვს, რომელიც უეჭველად მოსაგებია - სახლში გუნდი ციკლის 2 უსუსტეს ნაკრებს: ვენესუელასა და პერუს შეხვდება... 

ასევე სათქმელია ურუგვაის ნაკრების ძალიან ცუდი ფორმა, რომელმაც ზედიზედ მე-3 თამაში წააგო. ოსკარ ტაბარესის ბიჭები უქულოდ პერუში დარჩნენ, არადა მატჩს იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა საბოლოოდ 2:1 იმარჯვეს და მეტოქეს, რომელიც რამდენიმე ტურის წინ მსოფლიო ჩემპიონატთან ნახევარ ნაბიჯში იყო, საქმე ძალიან გაურთულეს. 

უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია კოლუმბიის ეროვნულმა გუნდმა, რომელმაც ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი ეკვადორი მისსავე მოედანზე ხამესისა და კვადრადოს გოლების წყალობით, 2:0 დაამარცხა. 

ხოლო ჩილეს ნაკრებმა აუტსაიდერ ვენესუელას საქმე საწყის 22 წუთში, მას შემდეგ მოუთავა, რაც ალექსის სანჩესმა და პარედესმა (დუბლი) ტაბლოზე 3:0 ააციმციმეს. 

საკვალიფიკაციო ეტაპის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე ცხრილში ასეთი მდგომარეობაა:

1. ბრაზილია - 33 ქ. 

2. კოლუმბია - 24 ქ. 

3. ურუგვაი - 23 ქ. 

4. ჩილე - 23 ქ. 

5. არგენტინა - 22 ქ. 

6. ეკვადორი 20 ქ. 

7. პერუ - 18 ქ. 

8. პარაგვაი - 18 ქ. 

9. ბოლივია - 10 ქ. 

10. ვენესუელა - 6 ქ. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს პირველ 4 ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს, ხოლო მე-5 ადგილოსანს ფლეი-ოფის თამაში მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები