ვაისი:
Aa
Aa

ვაისი: "გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ლატვიასთან მოგებული (5:0) შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"რა თქმა უნდა, გამარჯვებით გახარებული ვარ. მართალია, ეს ამხანაგური დაპირისპირება, მაგრამ მოგება ყოველთვის სასიხარულოა. თანაც, დღეს ბევრი კარგი მომენტი შევქმენით და ხარისხიანი, ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ. 

სამწუხაროა, რომ ეს სერბეთთან ვერ შევძელით და დამსახურებულადაც გაგვაკრიტიკეს. ლატვიის ნაკრები შვეიცარიასთან საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ დღეს დაღლილი იყო, მაგრამ ვთვლი, რომ ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ და შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. 

ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩებისას სხვადასხვა სცენარს ვიყენებთ. მთავარი ფაქტორი მეტოქეა - ლატვიის ნაკრების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეს არ არის სერბეთი, უელსი ან ირლანდია.

თამაშის წინ ბიჭებთან ვილაპარაკეთ და ვთქვით, რომ ამ მატჩის დამაჯერებელი ანგარიშით მოგება ჩვენთვის და მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. ფეხბურთელებმა მოახერხეს და მთელი 90 წუთი კონცენტრირებულად ითამაშეს. 

გამოვყოფდი არაბიძეს, ქვილითაიასა და ანანიძეს. არაბიძემ პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა და ეს ამ ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის ძალიან კარგია. 

ბუნებრივია, უარყოფითი მომენტებიც იყო, მაგრამ მათ გამოსწორებაზე ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ, შესაძლებლობები ოფიციალურ შეხვედრებში გამოვავლინოთ". - განაცხადა ვაისმა. 

ჩვენი ნაკრები მომავალ შეხვედრას, 11 ივნისს, მოლდვაში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები