საქართველოს ნაკრები ლატვიასთან მატჩისათვის ემზადება
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები ლატვიასთან მატჩისათვის ემზადება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი კვლავ ს.კ. "ზესტაფონის" ბაბაზე გაიმართა. ამჯერად მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 20 ფეხბურთელი იყო. მურთაზ დაუშვილმა დღევანდელი ვარჯიში ტრავმის გამო გამოტოვა. შეძლებს თუ არა ფეხბურთელი ლატვიასთან მატჩში მონაწილეობის მიღებას 28 მარტს გაირკვევა. საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უპასუხა:

"რა თქმა უნდა, სამწუხაროა ისეთი მატჩის წაგება, სადაც პირველ გოლამდე ყველაფერი კონტროლის ქვეშ გვქონდა. მანამდე კი 2:0 უნდა ყოფილიყო ჩვენს სასარგებლოდ და სხვა თამაში იქნებოდა, თუმცა ეს უკვე ისტორიაა. ჩვენ ვემზადებით ლატვიის წინააღმდეგ საკონტროლო მატჩისთვის. საკმაოდ უხერხული მეტოქესთან, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს მეორე ნომრად, ზონების გახსნა  ჩვენთვის მარტივი არ იქნება. მივცემთ შანსს სხვა მოთამაშეებსაც, რომლებიც სერბეთის წინააღმდეგ მოედანზე არ გამოსულან, ითამაშებენ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიც. რა თქმა უნდა, გვსურს, მოვიგოთ, ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა... 

ამისთვის ვმუშაობთ. ძალიან ბევრი სამუშაოა ახალგაზრდა თაობასთან, რომლებმაც კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე პირველ რიგში კლუბებში, შემდეგ კი ეს ყველაფერი ნაკრებში გამოიყენონ.  პასუხისმგებლობა მე მეკისრება იმიტომ, რომ მწვრთნელი ვარ. ყოველთვის სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო. მწვრთნელის ცხოვრება ყოველთვის ასეთია, ჩემოდნით ხარ და უცდი, კარგი შედეგი იქნება, მწვრთნელი რჩება, ცუდის შემთხვევაში კი შესაძლოა, შეიცვალოს. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული- ფეხბურთელების თამაშზე, ჩემს მუშაობაზე, ფედერაციაზე, გულშემატკივრებზე... 

შევხედავთ, რა მოხდება მომავალში, ხვალ კი მოგებას ვეცდებით. ჩვენთვის ყველა მეტოქე რთულია იმიტომ, რომ წილისყრის დროს ბოლო კალათაში ვიყავით. ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, რომ ზეგ ან ერთი წლის შემდეგ გერმანიასთან, იტალიასთან, ესპანეთთან თანაბრად შევძლოთ ბრძოლა. ჩვენ ვმუშაობთ, ჯერჯერობით რეზულტატი არ გვაქვს, ჯგუფში ქულებს ვერ ვიღებთ, თუმცა სადღაც ვუახლოვდებით კარგ შედეგს. ეს იყო უელსთან, ირლანდიასთან, ავსტრიასთან... 

მოლდოვასთან ცუდი თამაში ვაჩვენეთ, ასევე იყო სერბეთთან, სადაც შესანიშნავი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ, პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, თუმცა რაღაც ყოველთვის გვაკლია, ის ხარისხი, რაც მე, გულშემატკივრებს, ჩვენ ყველას გვსურს, რათა ქართული ფეხბურთის დონემ აიწიოს. ლატვიასთან ხარისხიანი მატჩი უნდა ვაჩვენოთ. ეს ამხანაგური თამაშია, ვფიქრობ, ლატვიაც მოსაგებად არის ჩამოსული და უფრო თამამად ითამაშებს".

ლატვიასთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმაც:

"საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტირების შანსი გვაქვს. ამასთან ერთად, ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცემა შანსი, ამხანაგურ მატჩში თავის გამოჩენის და რა თქმა უნდა, თითოეული სანაკრებო თამაში მათთვის მნიშვნელოვანია. ფეხბურთელებმა ერთმანეთში მოვილაპარაკეთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ თამაშს, პირველ რიგში გულშემატკივართან რეაბილიტირებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და გავიმარჯვოთ და ის ხალხი, რომელიც ჩვენით უკმაყოფილო დარჩა სერბეთთან თამაშის შემდეგ, ჩვენსკენ შემოვატრიალოთ.

ლატვია დისციპლინირებული გუნდია, რომელიც დაცვაში ძალიან კომპაქტურად თამაშობს და სახიფათოა კონტრშეტევების დროს. თეორიულად ჩვენ განვიხილეთ ჩვენი მეტოქე და ვიცით მისი სუსტი და ძლიერი მხარეები და შევეცდებით ეს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

რა თქმა უნდა, რთულია მორიგი იმედგაცრუება, გაორებული შთაბეჭდილება დატოვა სერბეთის წინააღმდეგ მატჩმა. თითქოს პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ფაქტია, რომ თამაშის ხარისხის მიუხედავად შედეგი არ გვაქვს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში შედეგი დავდოთ. ეს ნაკრებია და მხოლოდ კარგი და ლამაზი თამაში არაფერს მოგვცემს, მთავარია შედეგი და გულშემატკივრების გახარება. მთავარია, გავერთიანდეთ მიზნის გარშემო ყველანი, როგორც გულშემატკივრები, ასევე ფეხბურთელები, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას".

საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, 28 მარტს, 18 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.
მედიის წარმომადგენლებს მატჩის აკრედიტაციის მიღება "დინამო არენას" მედია ცენტრში, 13 საათიდან 16 საათამდე შეგიძლიათ.

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები