Aa
Aa

"მილანი": სილვიო ბერლუსკონის ჩინური აფერა?

"მილანის" გარშემო გაუგებრობები გრძელდება და კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება, რთული სათქმელია. წესით, 3 მარტს კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი ჩინელი ინვესტორების ხელში უნდა გადასულიყო, მაგრამ პროცესი გაიწელა და როგორც ჩანს, ჩიხში შევიდა. 

სახელდება ახალი თარიღი, 7 აპრილი, მაგრამ პარალელურად ვრცელდება ცნობები ჩინურ კონსორციუმში არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ, რამაც შესაძლოა, მოლაპარაკების პროცესი საბოლოოდ ჩაშალოს.

ამასობაში, პრესას კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა: 

"ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებები გრძელდება და კლუბისთვის სასიკეთოდ დასრულდება. უნდა ვაღიარო, რომ მოლაპარაკების პროცესი მძიმედ მიმდინარეობს და არის სირთულეები, მათ შორის, ფინანსური. თუ შეთანხმება ჩაიშალა, კლუბის მართვას არსებული მენეჯმენტი გააგრძელებს და მერწმუნეთ, სილვიო ბერლუსკონის აქვს იმის რესურსი, რომ "მილანმა" კრიზისი დაძლიოს და ევროარენას დაუბრუნდეს. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე უკვე ვდგავართ და მიმდინარე სეზონში ახალ, ძლიერ გუნდს ეყრება საფუძველი. 

ნიშნავს თუ არა ჩემი სიტყვები ჩინელებთან მოლაპარაკების გარდაუვალ ჩაშლას? - არა, ასე ნამდვილად არაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. ბერლუსკონის არაერთხელ უთქვამს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასხვისებს კლუბს, თუ ექნება გარანტია, რომ ახალი მფლობელის ხელში გუნდი ძველ დიდებას დაიბრუნებს - დღეს ასეთი გარანტია არ არსებობს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

გალიანის სიტყვები დასტურია იმის, რომ მოლაპარაკების პროცესი მძიმედ მიმდინარეობს და დიდია შანსი, ჩაიშალოს. შესაბამისად, რთულია დღეს იმაზე ლაპარაკი, ექნება თუ არა "მილანს" ფული ზაფხულის ტრანსფერებისთვის და საერთოდ, რა ბედი ელის ამ გუნდს... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები