მატჩის წინ - იუვენტუსი VS მილანი
Aa
Aa

მატჩის წინ - იუვენტუსი VS მილანი

სერია ა-ს 28-ე ტურის მთავარი დაპირისპირება „იუვენტუს სთედიუმზე“ შედგება, სადაც „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა ჩატარდება. ამ გუნდებს შორის, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, აქამდე 280 მატჩია გამართული, რომელთაგანაც 100 „ბებერმა ქალბატონმა“ მოიგო, 94 „როსონერიმ“, ხოლო 86-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

გუნდების ახალი ამბები

* „იუვე“ მომავალ კვირაში „ჩემპიონთა ლიგაზე“, „პორტოსთან“ განმეორებით მატჩს ითამაშებს. პირველი შეხვედრა, იტალიელებმა „დრაგაოზე“, 2:0 მოიგეს.

* მასიმილიანო ალეგრის გუნდმა, მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ფრე, გასულ ტურში, სტუმრად „უდინეზესთან“ ითამაშა.

* ტურინელებს დისკვალიფიცირებული ხუან მანუელ კვადრადო დააკლდებათ. მის გარდა ტრავმის გამო არ იქნებიან ჯორჯო კიელინი და სტეფანო სტურარო.

* „მილანის“ რიგებში, ტრადიციულად, საკმაოდ დიდი დანაკლისია. ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი აბატე, რომელსაც დე შილიო ჩაანაცვლებს. ასევე საეჭვოა „როსონერის“ შეტევების ერთ-ერთი მთავარი კაცის, სუსოს თამაშიც. მონტოლივოსა და ბონავენტურას ტრავმებზე კი საუბარიც აღარაა - ისინი მოედანზე სეზონის ბოლომდე ვერ გამოვლენ.

* იტალიურ პრესაში „მილანის“ გაყიდვაზე საუბარი არ წყდება. ჩვენმა აპენინელმა კოლეგებმა ეს ამბავი, მისი მიმდინარეობიდან გამომდინარე, უკვე „საპნის ოპერასაც“ შეადარეს. როგორც გუშინ დაიწერა, წესით ეს საკითხი მარტის ბოლომდე უნდა მოგვარდეს, თუმცა...

ურთიერთშეხვედრათა ფაქტები

* მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან. სერია ა-ს პირველი წრის მატჩი, „სან სიროზე“, მასპინძლებმა ლოკატელის სუპერგოლით 1:0 მოიგეს.

* დეკემბერში, დოჰაში გამართული სუპერთასის 120 წუთიანი დაპირისპირება კიელინისა და ბონავენტურას გოლებით 1:1 დამთავრდა, ხოლო პენალტებში „მილანმა“ იმარჯვა და კარგა ხნიანი პაუზის შემდეგ ოფიციალური ტიტულიც მოიპოვა.

* რაც შეეხება იანვარში ჩატარებულ სათასო დაპირისპირებას, იგი ერთმატჩიანი იყო და „იუვენტუს სთედიუმზე“, ტურინელებმა 2:1 იმარჯვეს. ისინი დიბალასა და პიანიჩის გოლებით 2:0 იგებდნენ, რასაც მეორე ტაიმში ბაკას გოლი და რამდენიმე წამში მანუელ ლოკატელის გაძევება მოყვა.

* „მილანს“ ამ სტადიონზე სერია ა-ს ეგიდით ზედიზედ 5 თამაში აქვს წაგებული. „როსონერიმ“ 3 მათგანი საერთოდ გოლის გარეშე დაასრულა.

* დღევანდელმა სტუმრებმა „იუვენტუს სთედიუმზე“ ბოლოს 2011 წლის მარტში იმარჯვეს, როცა მატჩის ბედი ჯენარო გატუზოს ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. „მილანი“ იმ სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა.

* გუნდებს შორის ამ სტადიონზე სერია ა-ში ჩატარებული მატჩი ფრედ ბოლოს 2006 წელს დასრულდა. მას შემდეგ 7-ჯერ „იუვემ“ მოიგო, ხოლო 2-ჯერ „მილანმა“.

მწვრთნელების კომენტარები

მასიმილიანო ალეგრი: „ჩვენმა მეტოქემ ბოლო დროს ისევ მოუმატა და კარგი შედეგებიც აქვს. „მილანი“ არის გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება და ყოველთვის სახიფათოა. როგორც გამოჩნდა, „როსონერის“ ძლიერად თამაში სტუმრადაც მშვენივრად გამოსდის.

ეს არის გუნდი, რომელსაც არაერთი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავს და ძლიერია სწრაფი თამაშისას.

ეს იტალიური დერბი, „იუვენტუსი“-„მილანია“ და ამით ყველაფერი ნათქვამია“.

ვინჩენცო მონტელა: „ეს ფინალური მატჩი არაა, თუმცა მას ისევე უნდა მოვეკიდოთ, როგორც გადამწყვეტ შეხვედრას.

ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის დიდი გამოწვევაა. „იუვენტუსი“ ძალიან ძლიერი გუნდია და მატჩის მიმდინარეობისას ფორსირება ნებისმიერ დროს შეუძლია . მან კარგად იცის ამა თუ იმ მომენტში როგორ ითამაშოს, თუმცა შესაძლოა ისიც დამარცხდეს და ჩვენ დღეს სწორედ ამას ვეცდებით.

ჩემმა გუნდმა შიშის გარეშე უნდა ითამაშოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფრის იმედი ვერ გვექნება.

მათ შესაძლოა ტაქტიკა შეცვალონ. ალეგრი თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს და შედეგებიც ამაზე მეტყველებს. ჩვენ, ისევე როგორც მათ, მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი.

შეუშლით თუ არა ხელს მათ ის, რომ 3 ტურნირზე თამაშობენ? არ ვფიქრობ, რომ ისინი რომელიმე მათგანს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუმცა თუ მათთვის რჩევის მიცემა დამჭირდებოდა, ვიტყოდი, რომ „ჩემპიონთა ლიგაზე“ უნდა ფოკუსირდნენ, რადგან „სკუდეტო“ თითქმის მოგებული აქვთ“.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი: ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბენატია, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მარკიზიო - დიბალა, მანჯუკიჩი, იგუაინი.

მილანი: დონარუმა - დე შილიო, საპატა, პალეტა, რომანიოლი - სოსა, ბერტოლაჩი, პაშალიჩი - სუსო, დელოფეუ, ბაკა.

 

სტატია მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით, ხოლო სავარაუდო შემადგენლობები მოცემულია gazzetta.it-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები