Aa
Aa

"ხორვატებს გავუტანეთ"! - ანუ ზეიმი რუსთაველზე და დროშები, დროშები... დროშები ჩქარა...

საკვალიფიკაციოს ფავორიტი ხორვატია, თბილისში, ეტიკეტური 3 ქულის ასაღებად ჩამოვიდა. "სადღაც საქართველოში", მოდრიჩსა და სხვა ვარსკვლავებს, იდეაში, ფეხების დაზოგვითაც უნდა მოეგოთ...

სტადიონზე შევდიოდი და ჩემში საფეხბურთო ამინდი დგებოდა. შეძახილები და ოვაციები მესმოდა. ჩვენ, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვხვდებოდით... 55 ათასი კაცი ტრიბუნებზე იჯდა. სიამაყით გადავხედე სავსე „დინამო არენას“ და ქვეცნობიერად წარმოვიდგინე, რომ ახლა „ამათთვის“ მოგვეგო. ამ ძალიან მაგარი ნაკრებისთვის, რომელსაც 12 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა...

მას შემდეგ, რაც თემურ ქეცბაიას „ჯვაროსნები“ ჩაებარებინა, 9 თამაში გასულიყო და ხორვატებისა არ იყოს, მარცხი ჯერ არც ჩვენ ვიცოდით... ბიჭებისთვის ყველაფერი ერთი იყო, რადგან ბიჭები ერთნი იყვნენ... ისინი ამ პრინციპით თამაშობდნენ და ჩვენც ამ პრინციპით მივდიოდით მათთან, სტადიონზე... ჰიმნი ერთად ვიმღერეთ... ტალიავენტოს სასტვენი და წავიდა...

მეტოქე გვიტევდა, თავაწეული იყო და ეგონა, ადრე თუ გვიან გაიტანდა... ქართველები, როგორც ადრე, ისტორიულად, უბრძოლველად არაფერს თმობდნენ და მათთვის ხორვატი ავტორიტეტები არ არსებობდნენ... შეტევები იყო, თუმცა მომენტები - ნაკლებად. მივედით 0:0-ით მეორე ტაიმამდე.

ბრძოლა უფრო გახურდა, წამოვიდა ცვლილებებიც... სლავენ ბილიჩმა შეტევა გააძლიერა - „სევილიაში“ ახალი გადასული რაკიტიჩი შეცვალა და სულ ახალგაზრდა ივან პერიშიჩი გამოიყვანა. ქეცბაიამ „იაშკასა“ და დაუშვილის მაგივრად, მარცვალაძე და გოგუა „აანთო“. თურმე ქართველთა მწვრთნელი უფრო აძლიერებდა იერიშებს ვიდრე, ხორვატებისა...

სერიოზული გაწევ-გამოწევაა. ხორვატები ისე თავისუფლად ვეღარ თამაშობენ, ცოტა ჩქარობენ კიდეც, მგონი იგრძნეს, რომ „სადღაც საქართველოში“, მოგება არც ისე ადვილია...

დრომ ბოლო წუთებამდე მშვიდობიანად მიგვიყვანა, ისევ 0:0-ია და ვფიქრობ, რომ ფრე კარგია, თუმცა... ამ „თუმცადან“ ფიქრი ჩემმა ბიძაშვილმა გამიწყვიტა - რაღაცას მეკითხებოდა. არც მახსოვს რა უნდოდა. ისე ფეხბურთი დიდად არ უყვარდა, ჩემი ხათრით წამოვიდა სტადიონზე.

...ბილიჩმა კიდევ ერთი შეცვლა გააკეთა. რა იცოდა, რომ მთავარი შეცვლები უკვე გაკეთებული ჰქონდა... ოღონდ სხვას...

ბურთს ცენტრთან ახლოს ვათამაშებთ. 90-ე წუთი დაიწყო. იმჟამინდელმა კაპიტანმა, ამჟამინდელს დაუგორა, იქამდე ახლად გამოსულმა გოგუამ თითქმის დაკარგული ბურთი შეგვინარჩუნა... კანკავამ დასვენებული მარცვალაძის მოძრაობა დაინახა და ბურთი საჯარიმოში ჩაუგდო. იქ უკვე მასზე იყო...

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მარცვალაძემ საჯარიმოს კუთხესთან ბურთიც მიიღო და მომენტალურად დარიო სრნაც ჩამოიშორა. შეტევას „კობი“ აჰყვა, ბურთი მოითხოვა და კომფორტულად დასარტყმელი ბურთი, ფავორიტი მეტოქის კარში გადაგზავნა... გოოოოოოლ!!! ხორვატებს გავუტანეთ! სტადიონზე სიგიჟეა, ჩემი ფეხბურთზე ნაკლებად შეყვარებული ბიძაშვილი ღრიალებს, ვიღაც მეხუტება, მთელი სტადიონი დახტის, ხარობს, შევაგდეთ, ვიგებთ, ევროპაზე გავდივართ... მთელი 2 წუთი, თამაშის განახლებამდე, გაბმული „გოოოლ“ ისმის! ემოცია, რომელიც არასდროს გავიწყდება...

ტალიავანტომ კიდევ ერთხელ დასტვინა. საიმდღეისოდ ბოლოჯერ... სიგიჟე ხდება. სრული ქაოსია. „ამათაც“ მოვუგეთ, 5 ტურის შემდეგ 9 ქულა გვაქვს - პირველზე საბერძნეთია 11-ით, მეორეზე - ხორვატია 10-ით. „ევრო 2012“-ისთვის სერიოზული ბრძოლა ხურდება...

ნამატჩევს, 2-ჯერ „ჩემპიონთა ლიგის“, 2-ჯერ უეფას „სუპერთასის“, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის, სერია ა-ს და კიდევ არაერთი უპრესტიჟულესი ტიტულის მომგებმა კახა კალაძემ, ქართველ ჟურნალისტს, ცრემლმორეული ხმით მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა... მეტი ვერ შეძლო... „კობიმ“ - ამ გუნდში ყოფნა ბედნიერებააო... ქეცბაიას პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები ტაშით შეხვდნენ...

მახსოვს სიგნალები რუსთაველზე და ზეიმი დიდი გამარჯვებისგან. ვხედავდი დროშებს და ვხედავდი ანთებულ თვალებს, სხვას ვერაფერს... ზეიმი, გულიდან და ფეხბურთისგან მოდიოდა...

გავუყევი სახლისკენ (ეს ახლა ვიცი, რომ სახლში მივდიოდი - მაშინ უბრალოდ ინერციითა და გონების ფარული ორიენტაციით მივაბიჯებდი) და მიხაროდა. არა მარტო ის, რომ კონკრეტულად დღეს მოვიგეთ - აღარ ვაგებდით, ერთიანად, ქართულად და გულიანად ვთამაშობდით. გუნდი, გუნდი იყო და ეს ყველამ იცოდა. თითქოს დგებოდა მომენტი, რასაც თამაშიდან თამაშამდე ცხოვრება ჰქვია... თითქოს...

გზაზე მიმავალს შეძახილები მესმოდა. ბუნდოვნად დროშებსაც ვხედავდი და როცა გამოვერკვიე, ჩვენი გენიოსი თანამემამულის ლექსი - "დროშები ჩქარა" გამახსენდა...

3 დღეში, ისრაელში, საკვალიფიკაციოს მე-6 ტურის შეხვედრა ვითამაშეთ...

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით...

 

ირაკლი ფოფხაძე 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები