„ჰაასი“ მეორე სეზონს იწყებს
Aa
Aa

„ჰაასი“ მეორე სეზონს იწყებს

ამერიკული გუნდი ახალი სეზონისთვის მზადაა. ოფიციალური ტესტების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი - VF-17, საზოგადოებას წარუდგინა. თუმცა, მისი პირველი ფოტო ერთი დღით ადრე გავრცელდა, როცა ავტომობილი ბარსელონას ტრეკზე, ვიდეორგოლის გადასაღებად გამოიყვანეს.

„ჰაასს“ შარშან კარგი სადებიუტო სეზონი ჰქონდა. მაგრამ როგორც წესი, ახალბედებისთვის უფრო რთული მეორე სეზონი ხოლმე. „ჰაასში“ ეს კარგად იციან, თუმცა სირთულეების არ ეშინიათ. პირიქით, საქმეს ენთუზიაზმით აკეთებენ და წინსვლის იმედი აქვთ. ეს ძნელია, მაგრამ ფორმულა 1-ში იოლი არაფერია.

„ჰაას VF-17-ს“ გარეგნულად განსაკუთრებული არაფერი აქვს ისეთი, რითაც სხვებისგან გამოვარჩევთ. „ზვიგენის ფრთა“, ცერისებრი ცხვირი და რადიატორების დაპატარავებული ჰაერის ამღებები - ეს ყველაფერი, ახალი რეგლამენტის შესაბამისად შემუშავებულ სხვა მანქანებსაც ახასიათებს. რისი მაქნსია VF-17? ამას ტესტებზე ვნახავთ, უფრო რეალურ ძალას კი ის მელბურნში გამოაჩენს.

გუნდის შეფი გიუნტერ შტაინერი ამბობს, რომ ახალი სეზონისთვის მზადებისას, განსაკუთრებული ყურადღება წონის შემცირებას მიექცა. მართალია, მინიმალური წონა განსაზღვრულია, მაგრამ ეს ბალასტით ბალანსდება. ბალასტის მეშვეობით კი შესაძლებელია არამხოლოდ სიმძიმის ცენტრის დაბლა დაწევა, არამედ სხვადასხვა ტრასის შესაბამისად მანქანის მომართვაც. ეს კი დიდი პლიუსია. გარდა ამისა, დაიხვეწა აეროდინამიკა.

ამერიკული გუნდის მანქანებით იასპარეზებენ ფრანგი რომენ გროჟანი და დანიელი კევინ მაგნუსენი.

 

ცხელი ამბები