ჩემპიონებმა ახალი კამპანია დაიწყეს
Aa
Aa

ჩემპიონებმა ახალი კამპანია დაიწყეს

ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „მერსედესმა“ საქმიან ვითარებაში, სილვერსტოუნზე გამართა თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის, W08-ს წარდგენა. ეგრეთ წოდებულ ფილმის დღეს (როცა საპრომოუტერო რგოლს იღებენ), ახალი მანქანა ტრეკზე ჯერ ლუის ჰამილტონმა გამოიყვანა, შემდეგ კი მისმა ახალმა თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმა.

სამქიმიანების ახალი ბილიდი ცხვირის მომრგვალებული ნაწილით გამოირჩევა და სილვერსტოუნზე წარდგენისას, არ ჰქონდა ეგრეთ წოდებული „ზვიგენის ფრთა“, რომელიც სხვა მანქანებს ძრავის სეგმენტის ხუფზე აქვთ მოთავსებული. ძალიან კომპაქტური განლაგება აქვს რადიატორს, რის ხარჯზეც, მაქსიმალურად „მოსუფთვებულია“ უკანა ნაწილი, რაც აეროდინამიკოსებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს. დაბოლოს, „ზვიგენის ფრთის“ ნაცვლად, სილვერსტოუნზე მანქანა T-ს ფორმის მინი ფრთით იყო აღჭურვილი, რომელიც უკანა ანტი ფრთის წინ განლაგდა.

„ძალიან სასიამოვნოა, როცა დასრულებულ ავტომობილს ვხედავ. აეროდინამიკური მილიდან მოყოლებული, როცა აკვირდები, როგორ ყალიბდება მანქანა, ბოლო დღეებში როგორ ღებულობს საბოლოო, სრულყოფილ სახეს. დღეს ის პირველად ვმართე. აშკარად განიერია და ძალიან დიდი წინა ბორბლები აქვს. ცივ ამინდშიც კი, აშკარად დიდი ჩაჭიდება იგრძნობა. ეს ტესტები არაა. დღეს იმ მანქანის უკან ვიარე, რომლიდანაც ფილმს იღებდნენ. ეს მხოლოდ მოთელვა იყო. მოგვიანბით უფრო სწრაფად ვივლი“, - ესაა ლუის ჰამილტონის პირველი შთაბეჭდილება.

„ჩემთვს დიდი დღეა. პირველად ვმართე „ვერცხლისფერი ისარი“, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამ მომენტს საკმაოდ დიდხანს ველოდი. ტესტებსაც მოუთმენლად ველი. მანქანა ძალიან კარგად გამოიყურება და მოუთმენლად ველი ჩემს ჯერს, როცა მის საჭესთან დაჯდომის საშუალება მომეცემა“, - ამბობს ბოტასი, რომელიც გუნდმა მსოფლიო ჩემპიონ ნიკო როსბერგის ადგილზე მიიწვია.

„მერსედესს“ გუნდის სანჟინრო შტოს დირექტორმა ალდო კოსტამ განაცხადა, რომ „ზვიგენის ფრთასთან“ (რომელიც უკანა ანტი ფრთის წინ, ჰაერის ნაკადს აწესრიგებს) დაკვშირებით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ეს საკითხი ტესტებზე გაირკვევა. მისივე თქმით, მანქანას მელბურნში რადიკალურად განსხვავებული ფრთები ექნება.

რაც შეეხება ძრავს, „მერსედესის“ ძრავების მთავარი ინჟინერი ენდი ქოუელი ამბობს, რომ ძალური დანადგარის სიმძლავრე ახლოსაა 1 000 ცხენის ძალასთან, თუმცა იმავდროულად, მუშაობა მისი გამძლეობის გასაუმჯობესებლადაც მიმდინარეობდა, რათა აღარ განმეორდეს გასული სეზონის მალაიზიის დიდი პრიზის რბოლის შემთხვევა, როცა ლიდერ ჰამილტონს გადამწყვეტ მომენტში ძრავმა უმტყუნა.

ცხელი ამბები