მატჩის წინ - ლევერკუზენი VS ატლეტიკო
Aa
Aa

მატჩის წინ - ლევერკუზენი VS ატლეტიკო

"ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალში ეს გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. 2014-2015 წლების გათამაშებაში "ატლეტიკომ" შემდეგ ეტაპზე პენალტების სერიის წყალობით გააღწია. თუმცა ისიც საინტერესოა, რომ "ათლეტებს", ბოლო წლებში, გერმანულ კლუბებთან ზედიზედ 3 გასვლა აქვთ წაგებული. 

გუნდების ახალი ამბები

* "ლევერკუზენმა" ბუნდესლიგის მორიგ ტურში, გასულ პარასკევს, სტუმრად "აუგსბურგს" 1:3 მოუგო. გოლები ბელარაბიმ და ჩიჩარიტომ (2) გაიტანეს. 

* როჯერ შმიდტის გუნდს ევროპული ტურნირების მასშტაბით საკუთარ მოედანზე 10 შეხვედრაა არ წაუგია - 5 მოგება და 5 ფრე. 

* გერმანელებს ჩალხანოღლუ და ტა ვერ დაეხმარებიან, ხოლო ლარს ბენდერს მცირე ტრავმა აქვს. 

* "ატლეტიკომ" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი შაბათს ჩაატარა და გასვლაზე ხიხონის "სპორტინგს" 4:1 აჯობა. თუმცა სიმეონეს შეგირდებს გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გადახდათ, რადგანაც მე-80 წუთამდე მეტოქე კარგად თამაშობდა და ანგარიშიც 1:1 იყო. საბოლოო ჯამში ფერეირა კარასკოს გოლს, კევინ გამეირომ ჰეთ-თრიქი მიაყოლა და მადრიდელებმა დაგეგმილი 3 ქულაც ჩაიჯიბეს. 

* ესპანელები დღევანდელ შეხვედრას საკმაოდ სერიოზული დანაკლისით ხვდებიან. არ იქნებიან დიეგო გოდინი, ხუანფრანი, ტიაგო და აუგუსტო ფერნანდესი. დიდია ალბათობა გაიტანისა და ობლაკის მოედანზე ვერ გასვლისაც. 

მწვრთნელების კომენტარები

როჯერ შმიდტი: "ჩვენ თავდაჯერებულები ვართ და თამაშს მოუთმენლად ველოდებით. კარგად გვახსოვს, რომ 2 წლის წლის ამავე მეტოქესთან ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ და შემდეგი ეტაპის საგზური მხოლოდ პენალტების შედეგად დავკარგეთ. 

ასეთ თამაშებში ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ორმაგ მნიშვნელობას იძენს და კარგია, რომ ჩვენ ასეთები გვყავს. მაგალითად, ჩიჩარიტო, რომელიც მშვენიერ ფორმაშია". 

დიეგო სიმეონე: "ლევერკუზენელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. განსაკუთრებული ფლანგის შემტევები, კარიმ ბელარაბი და 17 წლის კაი ჰავერცი. შესანიშნავ ფორმაშია ჩიჩარიტოც. 

საერთო ჯამში, უნდა ვთქვა, რომ "ლევერკუზენი" ძალიან დისციპლინირებული და ერთ მუშტად შეკრული გუნდია, თუმცა ამ მხრივ "ატლეტიკოსაც" არაფერი დაეწუნება. 

ფეხბურთში ვნება და მუხტი ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, ჩემი ბიჭები თავიანთ მებრძოლ ხასიათს დღესაც გამოავლენენ". 

სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენი: ლენო - ჰენრიხსი, ტოპრაკი, დრაგოვიჩი, ვენდელი - არანგისი, კამპლი, ბრანდტი - ბელარაბი, ჰავერცი - ჩიჩარიტო. 

ატლეტიკო: მოია - ვრსალიკო, სავიჩი, ხიმენესი, ფილიპე ლუიში - გაბი, კოკე - საულ ნიგესი, კარასკო - გრიზმანი, ტორესი. 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები