მატჩის წინ - სიტი VS მონაკო
Aa
Aa

მატჩის წინ - სიტი VS მონაკო

პეპ გვარდიოლა "ჩემპიონთა ლიგის" ფლეი-ოფში ამჯერად "სიტისთან" ერთად იასპარეზებს და იქ ლეონარდო ჟარდიმის "მონაკოს" შეხვდება, რომელიც ევროპული ტურნირების ფლეი-ოფში ინგლისურ კლუბებს 6-ჯერ დაუპირისპირდა და ექვსივე შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

გუნდების ახალი ამბები

* "სიტიმ" გასულ უქმეებზე სათასო მატჩი ჩაატარა და ქვედა ლიგელ "ჰადერსფილდს" უგოლოდ გაეყარა. 

* მანჩესტერელები "ჩემპიონთა ლიგაზე" ზედიზედ 9 სახლის შეხვედრაა არ აგებენ - 6 მოგება და 3 ფრე. 

* მასპინძლებს ამ შეხვედრაში გაბრიელ ჟესუსი და ვენსან კომპანი არ ეყოლებათ. მცირე ტრავმა აქვს გაელ კლიშისაც. 

* "მონაკო" საფრანგეთის ჩემპიონატს ლიდერობს და "პსჟ"-ს 3 ქულით უსწრებს.

* ჟარდიმის ბიჭებმა ამ ტურში კორსიკაზე ითამაშეს და "ბასტიასთან" ქულები გაიყვეს - 1:1. 

* "მონეგასკები" მიმდინარე სეზონში შემტევ და რაც მთავარია ყველაზე შედეგიან ფეხბურთს აჩვენებენ. მათ ყველა ტურნირის გათვალისწინებით, საშუალოდ ერთ თამაშში 2.92 გოლი გააქვთ. 

* ფრანგებს ერთ-ერთი წამყვანი მცველი ჟემერსონი და ბოშილია დააკლდებათ.

მწვრთნელების კომენტარები

ხოსეპ გვარდიოლა: "მთელი ევროპა ახლა ჩვენ გვაკვირდება და ყველას უნდა, რომ ფეხი დაგვიცდეს, რათა სალაპარაკო მიეცეთ და გაგვაკრიტიკონ. როცა ვიგებთ საპირისპირო ვითარებაა - ყველას მოვწონვართ და გვიღიმიან.

ჩვენი დღევანდელი მეტოქის თამაში ძალიან მომწონს. გუნდი ფიზიკურად ბრწყინვალედაა მომზადებული. მისი განაპირა მცველები ვინგერებივით თამაშობენ, ვინგერებიც უშუალო ფუნქციებთან ერთად შემტევი ნახევარმცველის ფუნქციებსაც ითავსებენ, თავდამსხმელები კი, საჯარიმოში ძალიან ბევრს იბრძვიან და ნამდვილი მკვლელები არიან. მათ არ სჭირდებათ ბევრი შანსი გოლის გასატანად. 

"მონაკო" სრულყოფილი გუნდია, რომელსაც წელს ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი გოლი გააქვს". 

ლეონარდო ჟარდიმი: "ჩვენ ბოლო წლებთან შედარებით საგრძნობლად შევიცვალეთ და კვლავ "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალში ვართ. ეს კარგია, რადგან მიუთითებს, რომ გუნდში განხორციელებული ცვლილებები სწორი იყო და "მონაკომ" პროგრესი განიცადა. როცა ჩვენ 2 წლის წინ ამ ტურნირის 1/8 ფინალში "არსენალს" შევხვდით, იმ გუნდიდან ახლა 2-3 ფეხბურთელიღაა ჩვენთან.

"მონაკოსთვის" მიმდინარე "ჩემპიონთა ლიგაზე", საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, მე-11 შეხვედრაა. ყველა ამ მატჩში ვცდილობდით მაღალ დონეზე გვეთამაშა და დღესაც ასე იქნება. 

ორივე გუნდს უყვარს ფეხბურთის თამაში, მათ არაერთი ტექნიკური მოთამაშეები ჰყავთ, რომლებიც აქცენტს სანახაობაზე აკეთებენ. 

თუმცა ბოლოს მინდა დავამატო, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ამ ორ გუნდს შორის ფინანსური კუთხით დიდი სხვაობაა". 

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი: კაბალიერო - ფერნანდინიო, ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი - ტურე, სილვა - დე ბრუინი, სტერლინგი, სანე - აგუერო. 

მონაკო: სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, რაჯი, მენდი - ფაბინიო, ბაკაიოკო - ბერნარდო სილვა, ლემარი - ჟერმეინი, ფალკაო. 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები