ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში დამარცხდა
Aa
Aa

ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ამერიკის ქალაქ მემფისში 250-იანთა კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირი დასრულდა, რომლის ფინალურ მატჩშიც ადგილობრივმა რაიან ჰარისონმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხებით, კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. 

მატჩის პირველსავე გეიმში ბასილაშვილი მეტოქის მოწოდებაზე 15:40 დაწინაურდა, თუმცა შანსები ხელიდან გაუშვა, რის შემდეგაც უპირატესობა ამერიკელის მხარეს გადავიდა და მან სეტი საკმაოდ მარტივად, 27 წუთში, 6:1-ზე დახურა. 

მეორე პარტია გაცილებით დაძაბული გამოდგა. ჰარისონის ხუთივე ჩაწოდებაზე ქართველს ბრეიკ-პოინტები ჰქონდა, მაგრამ რაიანი გადამწყვეტ მომენტებში ძალიან კარგად აწვდიდა და აბსოლუტურად ყველა საფრთხე მოიგერია, რამაც საბოლოო ჯამში მე-5 გეიმში შესრულებული ბრეიკის ხარჯზე, თამაშის გამარჯვებით დასრულების საშუალებაც მისცა - 6:1 6:4. 

შეხვედრა საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 1 ეისთან ერთად, 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კი, მიხვდებოდით, ბრეიკ-პოინტების ვერ გამოყენების კუთხით ჰქონდა. მას მეტოქის მოწოდების მოგების 12 შანსი მიეცა, თუმცა ამის გაკეთება ვერცერთხელ შეძლო. საპირისპიროდ ჰარისონმა 7 შესაძლებლობიდან 3 ბრეიკი შეასრულა. 

აღნიშნული ტურნირის ფინალში გასვლით ბასილაშვილმა 150 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა, რაც რეიტინგში მინიმუმ 10 ადგილიანი წინსვლს წინაპირობაა. შეგახსენებთ, რომ ამ წუთისათვის ნიკოლოზი მსოფლიო კლასიფიკაციაში 67-ე პოზიციაზეა. 

24 წლის ჩვენმა თანამემამულემ ATP-ს ტურნირების ფინალში მეორედ იასპარეზა. მან გასული წლის ივლისში, ავსტრიის ქალაქ კიტცბიუელის ტურნირზე, გადამწყვეტი თამაში პაოლო ლორენცისთან დათმო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები