NBA. ყველა ვარსკვლავის უქმეები: უღიმღამო დანქები
Aa
Aa

NBA. ყველა ვარსკვლავის უქმეები: უღიმღამო დანქები

ნიუ ორლეანში "ყველა ვარსკვლავის უქმეები", ტრადიციულად, პარასკევს, ამომავალი ვარსკვლავების მატჩით დაიწყო, რომელშიც აშშ-ის ნაკრები მსოფლიოს ნაკრებს ხვდებოდა.

აშშ-მსოფლიო 141:150
66:77, 75:73
აშშ: კამინსკი(33), თაუნსი (24+11 მოხსნა), სიმონსი (19), ბუკერი (17+6 პასი), ტერნერი (12), რასელი (12), ოკაფორი (10), კრისი (7), ინგრემი (4), ბროგდონი (3+5 პასი).
მსოფლიო: მიურეი (36+11 პასი), ჰილდი (28+6 მოხსნა), პორზინგისი (24+10 მოხსნა), შარიჩი (17+5 მოხსნა), იოკიჩი (12+11 მოხსნა+8 პასი), ეკზამი (11), საბონისი (10), ლაილსი (7), აბრინესი (3), ერნანგომესი (2+6 მოხსნა).

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა "დენვერის" გამთამაშებელი ჯამალ მიურეი, რომელმაც 36 ქულა დააგროვა და ამას 11 შედეგიანი პასი დაუმატა. კანადელმა დებიუტანტმა ცხრა სამქულიანი ჩააგდო და 27 ქულა მეორე ტაიმში აიღო.

მიურეი მეორე კანადელია, ვინც ამომავალი ვარსკვლავების მატჩში MVP-ის პრიზი დაიმსახურა. 2015 წელს, ეს ჯილდო ერგო ენდრიუ უიგინსს "მინესოტადან".

* * *
შაბათს, "ოლ სტარტზე" ტრადიციული კონკურსების დღე იყო.

"ჰიუსტონის" მცველი ერიკ გორდონი გახდა სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული. პირველ რაუნდში მან 25 ქულა დააგროვა, მეორეში - 20 და ფინალში გავიდა, სადაც დაუპირისპირდა "კლივლენდის" მცველს კაირი ირვინგს. გადამწყვეტ დუელში მათ თანაბარი ქულები დააგროვეს (20:20) და დაინიშნა დამატებითი სროლები, რომელიც უფრო უკეთ გორდონმა შეასრულა - 21:18. ჰიუსტონელი მიმდინარე სეზონში მეოთხეა ლიგაში რეალიზებული სამქულიანების რაოდენობით.


ამ კონკურსის ფინალში ყველა ელოდა ირვინგისა და შარშანდელი გამარჯვებულის კლეი ტომპსონის ბრძოლას, მაგრამ "გოლდენ სტეიტის" სნაიპერმა პირველი რაუნდი ვერ გადალახა.

* * *
"ოსტატობის კონკურსის" გამარჯვებული გახდა "ნიუ იორის" ლატვიელი ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი. ფინალამდე მან "საკრამენტოსა" და "დენვერის" "მაღლები" - დემარკუს კაზინსი და ნიკოლა იოკიჩი დაამარცხა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი "იუტა ჯაზის" წევრს გორდონ ჰეივორდს აჯობა.

შარშან, ამ კონკურსის გამარჯვებული იყო "მინესოტას" ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი.

* * *
ამერიკულმა პრესამ იმედგაცრუება უწოდა ჩატენვების კონკურსს, რადგან მონაწილეებმა დიდად ვერც ფანტაზიით და ვერც ოსტატობით გააკვირვეს მაყურებელი.

პირველი ეტაპის შემდეგ, ფინალში გადავიდნენ "ინდიანას" მსუბუქი ფორვარდი გლენ რობინსონი, რომელმაც 91 ქულა დააგროვა (50 პირველი ჩატენვისთვის და 41 - მეორესთვის) და "ფინიქს სანზის" მსუბუქი ფორვარდი დერიკ ჯონსი - 95 ქულა (45+50). 

მათ აჯობეს "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ცენტრს დეანდრე ჯორდანს - 84 ქულა (41+43) და "ორლანდო მეჯიქის" მძიმე ფორვარდს, შარშანდელ ფინალისტს აარონ გორდონს - 72 ქულა (38+34).

ფინალში რობინსონმა 94 ქულა (44+50) დააგროვა, ჯონსმა კი სამი ცდა გამოიყენა და მაინც ვერ შეძლო პირველი დანქის შესრულება და ბრძოლა 87 ქულით (37+50) დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები