ბასილაშვილის მეტოქე ფინალში - რაიან ჰარისონი
Aa
Aa

ბასილაშვილის მეტოქე ფინალში - რაიან ჰარისონი

დღეს ღამით 01:00 საათზე, ამერიკის ქალაქ მემფისში 250-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალურ შეხვედრაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი რაიან ჰარისონს შეხვდება. მოდით ცოტა უკეთ გავიცნოთ ამერიკელი ჩოგბურთელი, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 62-ე პოზიციას იკავებს.

24 წლის ტანმაღალი (188 სმ.) და ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ჰარისონი, რომლის საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებელიც 2012 წელს მსოფლიოს 43-ე ნომრობაა, ATP-ს ტურნირის ფინალში პირველად გავიდა. ბასილაშვილი კი, როგორც გვახსოვს, გასული წლის ივლისში კიტცბიუელის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობდა. ასე რომ, ამ მხრივ მეტოქეზე ოდნავ მეტი გამოცდილება აქვს.

რაც შეეხება "დიდი სლემის" ტურნირებს, იქ ჰარისონის გამოსვლები, როგორც წესი, მალევე სრულდება, რადგანაც მისი კარიერული მაქსიმუმი "ამერიკის ღია პირველობაზე" მე-3 რაუნდში თამაშია. დანარჩენ 3 "დიდი სლემის" ტურნირზე იგი მხოლოდ მე-2 რაუნდში თამაშით კმაყოფილდება. 

ბოლო დროს ამერიკელი კარგ ფორმაშია და წინა კვირას დალასის "ჩელენჯერის" კატეგორიის ტურნირი სეტის წაუგებლად მოიგო. ისევე როგორც ბასილაშვილმა, მანაც მემფისში ფინალის საგზური სეტის წაუგებლად მოიპოვა.

ჰარისონმა 2017 წელს სულ 15 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც მხოლოდ 2 (ბერდიხთან და სოკთან) წააგო, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი ძირითადად საკმაოდ დაბალი დონის მეტოქეებთან ახერხებდა გამარჯვების მოპოვებას. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები