მატჩის წინ - ბაიერნი VS არსენალი
Aa
Aa

მატჩის წინ - ბაიერნი VS არსენალი

ისე როგორ იქნებოდა, რომ არსენ ვენგერის "არსენალს" გამართლებოდა და იოლი მეტოქე შეხვედროდა. "მეთოფეები" ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ბოლო 6 სეზონში ფლეი-ოფში ყოველთვის გადიან, თუმცა წინა 5 შემთხვევაში, გამოსვლა 1/8 ფინალურ სტადიაზე დაასრულეს. მათგან 2013-ში და 2014-ში ისინი სწორედ „რეკორდმაისტერმა“ დაამარცხა.

თავის მხრივ, „ბაიერნს“ „ჩემპიონთა ლიგის“ უკანასკნელი 15 სახლის მატჩი ზედიზედ აქვს მოგებული, რაც ამ ტურნირის რეკორდია.

გუნდების ახალი ამბები

* კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ბუნდესლიგის გასულ ტურში ბავარიული დერბი დიდი გაჭირვებით მოიგეს. "ინგოლშტადტთან" არტურო ვიდალმა ანგარიში 90-ე წუთზე გახსნა, ხოლო საბოლოო შედეგი, შეცვლაზე შემოსულმა არიენ რობენმა დააფიქსირა. 

* მიუნხენელები ოფიციალურ მატჩს 23 ნოემბრის შემდეგ არ აგებენ - 10 მოგება და 1 ფრე. 

* მასპინძლებს დღევანდელ მატჩში ჟერომ ბოატენგი და ფრენკ რიბერი ვერ დაეხმარებიან. მუხლის დაზიანების გამო, საეჭვოა ჩაბი ალონსოს თამაშიც, თუმცა იგი, დიდი ალბათობით, მოედანზე იქნება.

* "არსენალმა" გასულ შაბათს "ჰალთან" აშკარად ძალები დაზოგა, თუმცა შეხვედრა მაინც პრობლემების გარეშე, სანჩესის დუბლით მოიგო. 

* ინგლისელებს ამ თამაშში სანტი კასროლა არ ეყოლებათ, თითქმის გამორიცხულია აარონ რემზის თამაშიც. 

მწვრთნელების კომენტარები

კარლო ანჩელოტი: "ამ ტურნირის მოსაგებად ხასიათი და იღბალია საჭირო, თუმცა პირველ რიგში გამბედაობა. ამიტომაც, მხოლოდ იმაზე არ უნდა ვიფიქროთ, რომ კარი მშრალად შევინახოთ. ჩვენ გვსურს გავაკონტოლოთ ბურთი და მასთან ერთად მატჩის მიმდინარეობა, რადგან "არსენალს" არაერთი სწრაფი და ამასთანავე მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, შესაბამისად, მეტოქის კონტრშეტევები ძალიან სახიფათო იქნება. 

არსენ ვენგერს დიდ პატივს ვცემ. ის ძალიან გამოცდილია, აქვს მტკიცე მენტალობა და მისი გუნდიც შესანიშნავ სტილში თამაშობს. 

მოწინააღმდეგეს თავისი ფეხბურთი არ უნდა ვათამაშოთ და რაც შეიძლება არაკომფორტულ სიტუაციაში ჩავაყენოთ". 

არსენ ვენგერი: "ჩვენ უნდა დავივიწყოთ "ბაიერნთან" ჩატარებული წინა მატჩები და კონცენტრაცია მხოლოდ ახლანდელზე მოვახდინოთ. ამ მეტოქესთან თამაშის სერიოზული გამოცდილება გვაქვს. ესაა გუნდი, რომლის მიზანიც ყოველ წელს მაქსიმუმის მიღწევა და ტიტულის მოგებაა. 

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თავდაჯერებულები ვართ, თანაც მცირე უპირატესობაც გვაქვს, რადგან განმეორებით თამაშს სახლში ჩავატარებთ. თუმცა ეს არაფერში გამოგვადგება, თუ ხვალ კარგად არ ვითამაშებთ. 

ვიცი, რომ "ბაიერნი", როგორც ყოველთვის, დომინირებასა და უპირატესობის მოპოვებას შეეცდება. ის ბურთის გაკონტროლებასა და შეტევების სწრაფ ტემპში განვითარებას ეცდება. ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ კარგი თამაში დაგვჭირდება. 

კარში ოსპინა დადგება. ჯგუფურ ეტაპზე მის მიერ ნაჩვენები თამაში სრულიად საკმარისია, რომ ამ შეხვედრაშიც ვენდო". 

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი: ნოიერი - ლამი, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ვიდალი, ალონსო, ალკანტარა - რობენი, დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი.

არსენალი: ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი, ელნენი - ჩემბერლენი - იოზილი - სანჩესი, უელბეკი. 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები