სერია ა. ტური 23 - იცოდით, რომ...
Aa
Aa

სერია ა. ტური 23 - იცოდით, რომ...

* „რომამ“ თავის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა და სერია ა-ში ზედიზედ 14 სახლის მატჩი მოიგო.

* „ფიორენტინამ“ ჩემპიონატის ეგიდით „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომასთან“ ზედიზედ მე-5 თამაში წააგო.

* ედინ ჯეკომ 2009 წლის მაისის შემდეგ ზედიზედ 5 თამაშში გოლი პირველად შეაგდო. მას სერია ა-ს უკანასკნელ 11 საშინაო შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი.

* რაჯა ნაინგოლანმა „ფიორენტინა“ მესამედ დაამწუხრა. ბელგიელ ნახევარმცველს ამდენი გოლი არცერთი სხვა გუნდის კარში არ გაუტანია.

* დანიელე დე როსიმ ამ ტურში 2 საგოლე პასი ჩაიწერა. მან ასეთი რამ ბოლოს 2009-2010 წლების სეზონში გააკეთა.

* ფედერიკო ფასიომ სერია ა-ში თავისი სადებიუტო გოლი შეაგდო. მას „რომას“ რიგებში აქამდე 1 გოლი ჰქონდა, რომელიც „ევროპის ლიგაზე“ „ასტრასთან“ გაიტანა.

* „ლაციოს“ საყრდენი ნახევარმცველი მარკო პაროლო სერია ა-ს ისტორიაში მე-6 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ თამაშში 4 ან მეტი გოლის გატანა შეძლო. 2013 წელს იმავე „ლაციოს“ ფორვარდმა მირო კლოზემ „ბოლონიას“ 5 ბურთი მიართვა, ხოლო 2011-ში ალექსის სანჩესმა „პალერმოს“ მისსავე მოედანზე 4 გოლი გაუტანა.

* პაროლომ 4-დან 3 გოლი თავური დარტყმით გაიტანა. 2012 წლის 9 მარტს იგივე „კალიარის“ ფორვარდმა ხოაკინ ლარივეიმ გააკეთა, რომელმაც "მეორე სართულიდან" „ნაპოლი“ დაბომბა.

* „ლაციოს“ ფეხბურთელებს მიმდინარე სეზონში თავური დარტყმების შემდეგ ყველაზე მეტი, 12 გოლი აქვთ გატანილი, რაც სერია ა-ს საუკეთესო მაჩვენებელია.

* „პესკარას“ სასარგებლოდ წლევანდელ ჩემპიონატში 7 პენალტი დაინიშნა, რომელთაგანაც გუნდმა მხოლოდ 2 გამოიყენა. ამ მხრივ ანტირეკორდი 2009-2010 წლების სეზონში „ბარის“ ეკუთვნის, რომლის ფეხბურთელებმაც 6 თერთმეტმეტრიანი გააფუჭეს.

* „ლაციოს“ მეკარე ფედერიკო მარკეტიმ მიმდინარე სერია ა-ში 5-დან 4 პენალტი მოიგერია (მათ შორის 2 „პესკარასთან“ შეხვედრებისას). ზოგადად, მარკეტისთვის დარტყმული უკანასკნელი 9 პენალტიდან 7 გოლით არ დასრულდა - 4 მოიგერია, 3 კარს ასცდა.

* 2000-2001 წლების სეზონის შემდეგ „ლაციოს“ გოლების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ხსენებულ სეზონში მას საწყის 23 ტურში 44 გოლი ჰქონდა გატანილი, ხოლო მიმდინარეში 41 აქვს.

* სერია ა-ში, „ნაპოლიმ“ თავისი არსებობის ისტორიაში სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო - 1:7. აქამდე ამ გუნდს გასვლაზე ერთ შეხვედრაში 5 გოლზე მეტი არ ჰქონდა გატანილი.

* „ბოლონიამ“ გასულ სეზონში „ნაპოლისთან“ გასვლაზე 1:6 წააგო. ზოგადად, ამ გუნდების უკანასკნელი ურთიერთშეხვედრები ძალიან შედეგიანი გამოდის და ბოლო 9 თამაშში 41 გოლია გასული.

* მარეკ ჰამშიკმა თავის ნეაპოლურ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამასთანავე გახდა პირველი სლოვაკი ფეხბურთელი, ვინც სერია ა-ს ერთ თამაშში 3 გოლი გაიტანა.

* ჰამშიკს „ნაპოლის“ მაისურით ჯამში 109 გოლი აქვს გატანილი. იგი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ დიეგო მარადონას, მხოლოდ 6 გოლით ჩამორჩება.

* დრის მერტენსმა სერია ა-ს წლევანდელ გათამაშებაში ჰეთ-თრიქი მესამედ შეასრულა.

* მერტენსს ბოლო 8 ტურში 13 გოლი და 3 ასისტი აქვს.

* „ნაპოლის“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მისმა ორმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის ერთი მატჩისას 3-3 გოლი გაიტანა.

* „ნაპოლის“ აქამდე საწყის 23 ტურში 55 გოლი არასდროს გაუტანია, ეს კლუბის საუკეთესო მაჩვენებელია.

* ნეაპოლიტანელებს წლევანდელი სერია ა-ს სხვადასხვა მატჩების პირველ 10 წუთში 6 ბურთი აქვთ გატანილი, რითაც მხოლოდ „იუვენტუსს“ ჩამორჩებიან. „ბებერი სინიორას“ ფეხბურთელებმა ამის გაკეთება 7-ჯერ შეძლეს.

* ხოსე კალეხონს სერია ა-ში „ნაპოლის“ მიერ ჩატარებული ბოლო 113 თამაშიდან არცერთი არ გამოუტოვებია. თუმცა იგი შემდეგ ტურში, „ბოლონიასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო დაისვენებს.

* კალეხონს მიმდინარე ჩემპიონატში 9 საგოლე პასი აქვს შესრულებული, რაც ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელია. „ლაციოს“ შემტევ ფელიპე ანდერსონის აქტივში 8 ასისტია.

* პეპე რეინამ სერია ა-ში თავისი მეორე პენალტი მოიგერია. პირველად მან მარიო ბალოტელის აჯობა (2013 წ.), რომელსაც იქამდე კარიერაში აბსოლუტურად ყველა პენალტი ზუსტად ჰქონდა შესრულებული.

* მატია დესტრო კი თავის კარიერაში პენალტის ნიშნულთან მეოთხედ მივიდა და მეორედ ვერ გაიტანა. ორივე თერთმეტმეტრიანი მან „ბოლონიაში“ ყოფნისას გააცუდა.

* სერია ა-ს ამ ტურში 4 პენალტი დაინიშნა, რომელთაგანაც 3 მეკარეებმა მოიგერიეს.

* „იუვენტუსმა“ პირადი რეკორდი დაამყარა და სერია ა-ს ბოლო 28 საშინაო მატჩი ზედიზედ მოიგო.

* ჯანლუიჯი ბუფონმა უკანასკნელი 6 ტურიდან 5-ში კარი „მშრალად“ შეინახა.

* ხუან მანუელ კვადრადოს სერია ა-ში საჯარიმოს გარედან 7 გოლი აქვს გატანილი, რომელთაგანაც 3 „ინტერის“ კარში შეაგდო.

* „ინტერმა“ ჩემპიონატში 7, ხოლო თასის ჩათვლით 9 მატჩიანი მოგებათა სერია შუა კვირაში „ლაციოსთან“ სათასო შეხვედრისას შეწყვიტა, რასაც ზედიზედ მეორე წაგებაც მიაყოლა.

* სტეფანო პიოლის მასიმილიანო ალეგრი არასდროს დაუმარცხებია - 3 ფრე და 8 წაგება.

* „მილანი“ ზედიზედ მეოთხე თამაშში დამარცხდა. ხოლო კარი „მშრალად“ უკვე 6 მატჩია არ შეუნახავს - ჯამში 10 გოლი გაუშვა.

* წლევანდელ ჩემპიონატში ხოსე ერნესტო სოსა „მილანის“ მეხუთე ფეხბურთელია, ვინც მოედნიდან გააძევეს.

* ვინჩენცო მონტელას ბიჭებს პირველი ტაიმი 20 ნოემბრის შემდეგ არ მოუგიათ. მაშინ „როსონერიმ“ „ინტერს“ პირველი 45 წუთი 1:0 მოუგო, თუმცა საბოლოოდ ფრე 2:2.

* „სამპდორია“ „მილანს“ ამ ტურამდე 9 თამაში ვერ ამარცხებდა. თანაც ამ 9-დან 6 თამაშში გენუელებმა გოლიც ვერ გაიტანეს.

* „სამპდორიამ“ გასვლითი თამაში 21 აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო.

* ლუის მურიელმა სერია ა-ში თავისი მე-40, ხოლო „მილანის“ კარში პირველი გოლი გაიტანა.

* „ატალანტამ“ ბოლო 6 ტურში 13 ქულა მოაგროვა.

* ბერგამოელთა კაპიტანმა ალეხანდრო გომესმა თავისი საუკეთესო მაჩვენებელი გაიმეორა და თავი უკვე 8 გოლს მოუყარა. მან ბოლო 5 ტურში, 2 დუბლი შეასრულა.

* „კალიარიმ“ უკანასკნელ 9 გასვლით თამაშში მხოლოდ 1 ქულა აიღო. სტუმრად ამ გუნდს უკვე 426 წუთია არ გაუტანია.

* „ტორინომ“ მოუგებელი სერია 6 მატჩამდე (5 ჩემპიონატში, 1 თასზე) გაზარდა და 2017 წელს ოფიციალურ შეხვედრაში მეტოქე არ დაუმარცხებია.

* ტურინელთა მიერ სერია ა-ში გატანილი ბოლო 14 გოლიდან 8 ანდრეა ბელოტის ანგარიშზეა.

* „ტორინოს“ ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში 5 პენალტი გააფუჭეს. ამ გუნდიდან თერთმეტმეტრიანებს 3 მოთამაშე ასრულდებდა: ანდრეა ბელოტი (3-დან 3 გააფუჭა), ადემ ლიაიჩი (2-დან 1 გაიტანა) და იაგო ფალკე (3-დან 2 გაიტანა).

* „სასუოლომ“ უკანასკნელი 4 ტურიდან 3 გამარჯვებით დაასრულა.

* „ჯენოამ“ სერია ა-ს ბოლო 7 თამაშში მხოლოდ 2 ქულა აიღო.

* „პალერმომ“ სეზონში პირველი სახლის შეხვედრა მოიგო, თუმცა საშინაო შედეგები მაინც საშინელია - 1 მოგება, 1 ფრე და 9 წაგება.

* „კიევოსა“ და „უდინეზეს“ მატჩის პირველ ტაიმში გუნდებმა კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყეს. ეს კი მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხედ მოხდა. 

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები