მატჩის წინ - ჩელსი VS არსენალი
Aa
Aa

მატჩის წინ - ჩელსი VS არსენალი

პრემიერ ლიგის 24-ე ტური დიდი ლონდონური დერბით გაიხსნება. „არსენალი“ სამიდან ერთ-ერთი გუნდია, რომელმაც წლევანდელ ჩემპიონატში „ჩელსის“ დამარცხება შეძლო, თანაც ეს ძალიან მარტივად გააკეთა და მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტა.

დაპირისპირებას, რომელსაც ინტრიგა ისედაც არ აკლია, ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს და ჩვენც „სტემფორდ ბრიჯზე“ გემრიელი სანახაობის მოლოდინში ვართ...

გუნდების ახალი ამბები

* ბრიტანული პრესის თქმით, ოთხშაბათს, „ლივერპულთან“ შეხვედრისას, ანტონიო კონტე, ვილიანის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და დღეს იტალიელი სპეციალისტი ძირითადში პედროს დააბრუნებს.

* ასევე სავარაუდოა, რომ კონტე მოედნის ცენტრში მატიჩი-კანტეს ნაცად და ძალისმიერ დუეტს დაეყრდნობა. შესაბამისად, „არსენალის“ ყოფილი ლიდერის, ცესკ ფაბრეგასის, მინდორზე ხილვის საშუალება, მეორე ტაიმში თუ მოგვეცემა.

* სტუმრებს ნახევარდაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები აქვთ - დისკვალიფიცირებული გრანიტ ჯაკასა და აფრიკის თასის ფინალისტ მოჰამედ ელნენის გარდა, ტრავმირებულია აარონ რემზიც. ამის გამო, როგორც იწერება, არსენ ვენგერი შემტევ შემადგენლობას გამოიყვანს და დაცვითი ტიპის შუახაზელთაგან მოედანზე მხოლოდ ფრანსის კოკლენი იქნება, რომლის პარტნიორადაც ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მოიაზრება. ეს ფეხბურთელი კი, დაცვით ფუნქციებს რამდენად წარმატებით შეითავსებს, ცალკე თემაა...

* ნელ-ნელა ფორმაში შედის დენი უელბეკი, რომელმაც 22 იანვარს, „ბარნლისთან“ შეცვლაზე ითამაშა კიდეც. სადღეისოდ იგი სრულ მზადყოფნაშია, თუმცა ძირითადში არ უნდა ველოდოთ.

მწვრთნელების კომენტარები

ანტონიო კონტე: „გადაწყვეტილი არაფერია და მნიშვნელოვანია სტაბილურობა შევინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიდერები დიდხანს ვერ ვიქნებით. შესაძლოა, ვიღაც ფიქრობს, რომ „ჩელსი“ უკვე ჩემპიონია და ყველა ინტრიგა მკვდარი, თუმცა ასე ნამდვილად არაა.

ჩვენ სრული კონცენტრაცია და ბოლომდე ბრძოლა გვმართებს. წინ კიდევ 15 ტურია, რომლებშიც რთული მეტოქეები გვეყოლება, ხოლო ცხრილში „ჩელსის“ უკან არაერთი უძლიერესი გუნდია.

მაგალითისთვის „სიტი“ ავიღოთ, რომელსაც ყველამ კარგად იცის თუ როგორი პოტენციალი აქვს. იგი უმაღლესი დონის ოსტატებითაა დაკომპლექტებული და მომატება ნებისმიერ დროს შეუძლია“.

არსენ ვენგერი: „როცა ჩვენ ისინი დავამარცხეთ, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ზედიზედ 13 თამაშს მოიგებდნენ.

მათ სიტუაცია დააბალანსეს და დაცვაში შესანიშნავად თამაშობენ, გარდა ამისა, ძალიან ძლიერები არიან ბურთის ამოტანისას და სწრაფი კონტრშეტევებისას.

მე ვუყურე მათ თამაშს ოთხშაბათს „ლივერპულთან“ და შემიძლია ვთქვა, რომ ნ’გოლო კანტეს გუნდის თამაშზე უდიდესი გავლენა აქვს. ის „ჩელსის“ ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია.

არა მგონია დამთხვევა იყოს, რომ კანტეს გუნდი ახლაც იმავე პოზიციაზეა, რომელზეც გასულ წელს მისივე „ლესტერი“...

დეიგო კოშტა და აზარი ოპტიმალურ ფორმაში არიან. ასე რომ, ისინი ძალიან სახიფათონი იქნებიან, რადგანაც ორივე საოცრად უნარიანი ფეხბურთელია“.

ურთიერთშხვედრათა სტატისტიკა

* სექტემბერში „ჩელსი“ „ემირეითს სთედიუმზე“ 0:3 დამარცხდა და ეს არის მისი ერთადერთი მარცხი „არსენალთან“ ბოლო 10 ურთიერთშეხვედრაში - 6 მოგება და 3 ფრე.

* „მეთოფეებს“ „სტემფორდ ბრიჯზე“ უკანასკნელი 4 მატჩი წაგებული აქვთ, ბურთების შეფარდება - 1:12-თან. ბოლო 3 თამაში საერთოდ „მშრალზე“ წააგეს - ორჯერ 0:2 და ერთხელ - 0:6.

* „არსენალს“ „ჩელსი“ სეზონში ორჯერ 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ არ დაუმარცხებია. იმ წელს ვენგერის გუნდი ჩემპიონი წაუგებლად გახდა.

ფაქტები „ჩელსიზე“

* ანტონიო კონტეს მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, „არისტოკრატებმა“ ყველა ტურნირის გათვალისწინებით 14 ოფიციალური სახლის მატჩი ჩაატარეს, რომელთანაც 13 მოიგეს, აქედან უკანასკნელი 10 ზედიზედ.

* ერთადერთი საშინაო მარცხი გუნდს „ლივერპულმა“ 16 სექტემბერს აგემა - 1:2.

* „ლურჯებმა“ საკუთარ მოედანზე პრემიერ ლიგის ბოლო 8 თამაში ზედიზედ მოიგეს, ბურთების სხვაობა - 24:3-თან.

* „ჩელსის“ მიმდინარე ჩემპიონატის 23 ტურში 13-ჯერ კარი „მშრალად“ აქვს შენახული, რაც ევროპის 5 წამყვანი ლიგის მასშტაბით, მხოლოდ მას და „პსჟ“-ს აქვს გაკეთებული, შესაბამისად, რეკორდსაც ეს გუნდები იყოფენ.

* პირველ წრეში „არსენალთან“ წაგებული 0:3, ანტონიო კონტეს სამწვრთნელო კარიერაში 2010 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხება იყო. მაშინ კონტე „სიენას“ ედგა სათავეში და მისმა გუნდმა „ემპოლისთან“ შეხვედრა ამავე ანგარიშით დათმო.

ფაქტები „არსენალზე“

* ვენგერის ბიჭებს პრემიერ ლიგის ბოლო 8 ტურში არცთუ კარგი შედეგები აქვთ - 4 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება. საინტერესოა, რომ ამ 3 მარცხამდე, წინა 30 ტურში, მათ ჯამში ამდენივე მარცხი ჰქონდათ.

* მიმდინარე ჩემპიონატში „არსენალის“ კარში 7 პენალტი დაინიშნა. ამ მაჩვენებლით გუნდი მხოლოდ „ჰალს“ ჩამორჩება, რომელსაც თერთმეტი მეტრიდან უკვე 10-ჯერ დაურტყეს.

* ლონდონურ კლუბებთან გამართული ბოლო 11 თამაშიდან, „არსენალმა“ მხოლოდ 2 წააგო და ეს ორივე მარცხი დღევანდელმა მეტოქემ აგემა.

* ზედიზედ 14 ტურია „მეთოფეებს“ მინიმუმ 1 გოლი მაინც გააქვთ. ასეთი შედეგი წელს არცერთ სხვა გუნდს არ ჰქონია.

* ტეო უოლკოტს „არსენალის“ მაისურით, ყველა ტურნირის ჩათვლით, 99 გოლი აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები: 

ჩელსი: კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, დავიდ ლუიზი - მოზესი, ალონსო - მატიჩი, კანტე - პედრო, აზარი, დეიგო კოშტა. 

არსენალი: ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი - კოკლენი, ჩემბერლენი - უოლკოტი, იოზილი, აივობი - სანჩესი. 

 

მომზადებულია BBC.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები