ფაჩულიამ
Aa
Aa

ფაჩულიამ "პორტლენდს" 14 ქულა ჩაუგდო

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ პორტლენდში ადგილობრივი გუნდი დაძაბულ მატჩში 113:111 დაამარცხა. 

თუმცა ბოლო წამზე ოკლენდელები მარცხს გადაურჩნენ. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე „გოლდენ სტეიტი“ 2 ქულით იგებდა და ბურთი საკუთარი ფარის ქვეშიდან შემოჰქონდა, როცა კევინ დიურანტმა ბურთის მიღების მიზნით მეტოქე აკრძალული ხერხით მოიშორა. ოკლენდელთა ლიდრი დააჯარიმეს და ბურთი პორტლენდელებს გადასაცეს. ევან ტერნერმა პოტენციურად გამარჯვების სამქულიანი სულ მარტომ ესროლა, მაგრამ ააცილა, დამატებაზე ვერ ივარგა ვერც მეისონ პლამლიმ და შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

ზაზა ფაჩულიასთვის ეს გახლდათ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი. ქართველმა ცენტრმა 24 წუთი ითამაშა და 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულა ფაჩულიასთვის სეზონის რიგით მეორე შედეგია (საუკეთესო კი 15-ია), ხოლო 4 ჩაჭრა სეზონის საუკეთესო შედეგის გამეორებაა.

არ უთამაშია ოკლენდელთა ერთ-ერთ ლიდერ სტეფ კარის, რომელიც გაციებულია და სეზონში პირველი შეხვედრა გამოტოვა. ფაჩულიაზე მეტი ქულა კი სტუმართაგან მხოლოდ კევინ დიურანტმა (33) და კლეი ტომპსონმა (27) მოაგროვეს.

რაც შეეხებათ პორტლენდელებს, საუკეთესო შედეგი, 28 ქულა, სიჯეი მაკოლუმმა დააფიქსირა. 19 ქულას დასჯერდა დამიენ ლილარდი, პლუმლიმ კი 15 ქულას და 11 მოხსნას მოუყარა თავი. 

41 მოგებითა და 7 მარცხით „გოლდენ სტეიტს“ ლიგის საუკეთესო შედეგი აქვს. 2 თებერვალს ფაჩულიას გუნდი „შარლოტ ჰორნეთსს“ უმასპინძლებს. 

 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები