ფედერერი ფინალშია!
35 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი, "ავსტრალიის ღია პირველობის" ფინალში გავიდა.
"მაესტრომ" 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში თანამემამულე და მეგობარი, სტენ ვავრინკა, უდაძაბულეს მატჩში დაამარცხა.
შეხვედრის ბედი ხუთმა სეტმა გადაწყვიტა, არადა თავიდან როჯერი 2:0-ზე დაწინაურდა, თუმცა სტენმა ასევე ზედიზედ 2 პარტიის აღება შეძლო და სეტებში წონასწორობაც აღადგინა.
მეხუთე სეტის სტარტზე ფედერერს ზედიზედ 2 გეიმში, რომელიც მან საკუთარ მოწოდებაზე ჩაატარა, სერიოზული პრობლემები შეექმნა და ბრეიკ-პოინტების მოგერიებაც მოუწია. საბოლოო ჯამში "მხიარულმა როჯერმა" მე-6 გეიმში სეტის ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა - 7:5 6:3 1:6 4:6 6:3.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს რაფაელ ნადალი და გრიგორ დიმიტროვი შეხვდებიან. შეხვედრა ხვალ, 27 იანვარს, 12:30 საათზე დაიწყება და ჩოგბურთის ქომაგს დიდი იმედი აქვს, რომ ფინალში ძველ კლასიკას, როჯერი-რაფას მონატრებულ დაპირისპირებას იხილავს.