ასაკი მხოლოდ ციფრებია, აბა რა არის?!
Aa
Aa

ასაკი მხოლოდ ციფრებია, აბა რა არის?!

"ავსტრალიის ღია პირველობაზე" ქალთა შორის 1/2 ფინალური წყვილები დაკომპლექტდა და საინტერესოა, რომ 4-დან 3 ჩოგბურთელი 34 წლის ან კიდევ უფროსია. 

თუ 35 წლის სერენა უილიამსის წარმატება არავის უკვირს, ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო მისი 36 წლის დის, ვენუსის ტურნირის ამ სტადიაზე მოხვედრა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ უფროსმა უილიამსმა 1/2 ფინალში სეტის წაუგებლად გააღწია და ვეტერანი ამერიკელის შემდეგი მეტოქე თანამემამულე კოკო ვანდევეგე იქნება, რომელიც 1/2 ფინალში "დეიდებთან" ერთად მოხვდა, რამეთუ კოკო მხოლოდ 25 წლისაა. 

სუპერსენსაცია კი, 34 წლის ხორვატის, მსოფლიოს 79-ე ჩოგნის, მირიანა ლუჩიჩ-ბარონის, საოცარი სვლაა. მან, ტურნირის მეორე წრეში ჯერ აგნეშკა რადვანსკა მოინელა და 1/4 ფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, სადაც მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა დაამარცხა და "დიდი სლემის" 1/2 ფინალში 1999 წლის შემდეგ, პირველად გავიდა.

აქამდე ლუჩიჩ-ბარონის კარიერული მაქსიმუმი სწორედ 1999 წლის "უიმბლდონის" ნახევარფინალი გახლდათ. სხვათაშორის, ხსენებულ მატჩში, მაშინ ჯერ კიდევ 17 წლის ხორვატმა, ლეგენდარულ შტეფი გრაფს სეტიც მოუგო, თუმცა საბოლოო ჯამში გრაფმა ეს თამაშიც შემოატრიალა და შემდეგ ფინალში ლინდსეი დევენპორტსაც აჯობა. 

ასე რომ, სპორტში და მით უფრო ჩოგბურთში ასაკს ყურადღება რომ არ უნდა მივაქციოთ, ფაქტია...

დაველოდოთ 1/2 ფინალურ მატჩებს და ვნახოთ რამდენად გაუმკლავდება "პატარა გოგონა", კოკო ვანდევეგე, თავის უფროს და ძალიან გამოცდილ მეტოქეებს. 

კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ვანდევეგე ვენუს უილიამსს შეხვდება, ხოლო ლუჩიჩ-ბარონი - სერენას. 

ბარემ დავამატოთ, რომ თუკი ორივე უილიამსმა 1/2 ფინალში მოიგო, "დიდი სლემის" ფინალში დების კიდევ ერთ ფინალს ვიხილავთ. ეს კი, 2009 წლის "უიმბლდონის" შემდეგ არ მომხდარა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები