მატჩის წინ - მანჩესტერი VS ლივერპული
Aa
Aa

მატჩის წინ - მანჩესტერი VS ლივერპული

ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი და ტრადიციული კლუბი ერთმანეთს ამჯერად "ოლდ ტრაფორდზე", რიგით 198-ედ დაუპირისპირდება. აქამდე ჩატარებული მატჩებიდან 79 "იუნაიტედმა" მოიგო, 65-ჯერ "ლივერპულმა" იმარჯვა, ხოლო 53 თამაშში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

გუნდების ახალი ამბები

* მანჩესტერელთა საუკეთესო ბომბარდირ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მცირე ტრავმა აქვს და მისი საკითხი უშუალოდ თამაშის დაწყებამდე გადაწყდება.

* ასევე ტრავმა აწუხებს მარკოს როხოსაც, თუმცა როგორც იწერება არგენტინელი მოედანზე გამოსვლას შეძლებს.

* "ლივერპულის" ერთ-ერთი ლიდერი ფილიპე კოუტინიო ნოემბრის შემდეგ პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

* ჯორდან ჰენდერსონმა და ჟოელ მატიპმა ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლეს და შესაძლოა მატჩში მონაწილეობაც მიიღონ.

* სადიო მანე აფრიკის თასზე გაემგზავრა და თებერვლის დასაწყისამდე გუნდს ვერ დაეხმარება.

მწვრთნელების კომენტარები

ჟოზე მოურინიო: "მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ყველამ და მათ შორის "ლივერპულმაც", კარგად იცის ჩვენი მენტალობა, სათამაშო ფილოსოფია და სხვა ასპექტები, თუმცა მეტოქე ჩვენც დაწვრილებით გვყავს შესწავლილი.

ამ ორ გუნდს სათამაშო კუთხით გარკვეული მსგავსებები აქვთ. რაც შეეხება ამ შეხვედრას, ეს დიდი მატჩია, რომელშიც დიდი გუნდები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ".

იურგენ კლოპი: "ჩვენ თასზე როცა "საუთჰემპტონთან" წავაგეთ, მახსოვს ერთ-ერთი ჟურნალისტის სახე, რომელმაც მკითხა, თუ როგორ ვაპირებდით ასეთი თამაშით "მანჩესტერთან" მოგებას. მინდა ყველას ვუთხრა, რომ "მანჩესტერშიც", ისევე როგორც ყველა სხვა გუნდში 11 ფეხბურთელი, გნებავთ, ადამიანი თამაშობს.

ვიცი, რომ საუბრობენ თითქოს ახლა ჩვენ კარგი დრო არ გვიდგას, თუმცა ასე არაა, ბიჭები თავს მშვენივრად გრძნობენ და ვფიქრობ, ამ მატჩში გამარჯვების ზუსტად ისეთივე შანსი გვაქვს, რამდენიც მეტოქეს".

ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა

* "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 14 მატჩიდან 11 წაგებული აქვს.

* "ლივერპულს" ჩემპიონატში "იუნაიტედთან" 67 მარცხი აქვს. არცერთ სხვა გუნდთან მერსესაიდელებს ამდენჯერ არ წაუგიათ.

* ამ გუნდებს შორის "ენფილდზე" გამართული წლევანდელი შეხვედრა 0:0 დასრულდა. ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ეგიდით სეზონის ორივე მატჩი უგოლოდ 1919-1920 წლების შემდეგ არ დასრულებულა.

ფაქტები "მანჩესტერზე"

* "წითელი ეშმაკები" ყველა ტურნირზე ზედიზედ 9 თამაშია იგებენ. ბოლოს გუნდს ასეთი სერია 2009 წლის იანვარ-თებერვალში ჰქონდა, როცა მიჯრით 11 მატჩში იმარჯვა. 

* თუკი დღეს "მანკუნიანელები" მოიგებენ, ეს იქნება ჩემპიონატში ზედიზედ მე-7 გამარჯვება. ანალოგიური მაჩვენებელი მათ ბოლოს 2013 წლის იანვარ-მარტის მონაკვეთში ჰქონდათ. 

* თუკი უეინ რუნი ითამაშებს, ეს მატჩი მისთვის პრემიერ ლიგაში 450-ე იქნება. ამდენი საპრემიერლიგო შეხვედრა აქამდე მხოლოდ 20 ფეხბურთელს აქვს ჩატარებული. 

* იმავე რუნის "იუნაიტედის" მაისურით 249 გოლი აქვს გატანილი (იგულისხმება ყველა ტურნირი), რაც ბობი ჩარლტონის რეკორდის გამეორებაა. მანჩესტერელთა კაპიტანს შემდეგი გოლი კლუბის აბსოლუტურ რეკორდსმენს გახდის. 

ფაქტები "ლივერპულზე"

* "ლივერპული" გამარჯვების შემთხვევაში, 21 ტურში 47 ქულას დააგროვებს. ეს კი 2008-2009 წლების შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი იქნება (იმ წელს გუნდს 21 ტურში 46 ქულა ჰქონდა).

* კლოპის შეგირდებმა სათასო მატჩებში "პლიმუთთან" და "საუთჰემპტონთან" გოლი ვერ გაიტანეს. თუ დღესაც ასე მოხდა "ლივერი" ზედიზედ მე-3 "მშრალ" თამაშს ჩაატარებს, რაც ბოლოს გასული წლის თებერვალში მოხდა. 

* მერსესაიდელებს 2017 წელს თამაში არ მოუგიათ. თუ დღესაც ვერ იმარჯვებენ, 1993 წლის ანტირეკორდს გაიმეორებენ, როცა წლის საწყისი 4 თამაში ვერ მოიგეს. 

* "ლივერპულს" პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში სტუმრად მხოლოდ 3 შეხვედრაში არ გაუშვია - "ევერტონთან", "მიდლსბროსთან" და "საუთჰემპტონთან". 

* ადამ ლალანას წლევანდელ პრემიერ ლიგაში 14 ქულა აქვს (7 გოლი და 7 საგოლე პასი). ეს ინგლისელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები