ზაზამ
Aa
Aa

ზაზამ "საკრამენტო" კიდევ უფრო გააბრაზა!

9 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "საკრამენტო კინგსს" ესტუმრა და ანგარიშით 117:106 დაამარცხა. "საკრამენტო" სწორედ ის გუნდია, რომელიც არაეთიკურად გამოეხმაურა ზაზა ფაჩულიას NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შუალედურ შედეგებში მოხვედრას.

"საკრამენტოს" ცენტრი დემარკუს კაზინსი კი შედეგებში ფაჩულიას ბევრად ჩამორჩება, რაც, შეიძლება ითქვას, ამ ორი ცენტრის დუელს კიდევ ერთ ელფერს სძენდა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 22:07 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა სროლების სიზუსტე ამ ბოლო პერიოდში აშკარად გააუმჯობესა.

რაც შეეხება კაზინსს, მან 17 ქულა, 5 პასი და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო თავდასხმაში მოხსნა საერთოდ არ ჰქონია. შეხვედრის ყველაზე მეტი, 30 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, შემდეგ 28 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო.

36 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ მთელ NBA-ს ლიდერობს. ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას შინ, 11 იანვარს, "მაიამისთან" ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები