მატჩის წინ - იუვენტუსი VS რომა
Aa
Aa

მატჩის წინ - იუვენტუსი VS რომა

დღეს "იუვენტუს სთედიუმზე" სერია ა-ს პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები, "იუვენტუსი" და "რომა" შეერკინებიან. მათ შორის ქულათა სხვაობა 4-ია. 

წინა ტურში ორივემ მძიმე და მნიშვნელოვანი მატჩები მოიგო - ტურინელებმა "დერბი დელა მოლეში" "ტორინო" დაამარცხეს, ხოლო რომაელებმა, თანაბარ შეხვედრაში, ერთ-ერთი კონკურენტი, "მილანი" დატოვეს უქულოდ. 

ორივე გუნდმა სახლის რვავე მატჩი მოიგო, თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ "რომას" ამ სტადიონზე 2011 წლის შემდეგ ზედიზედ 6 მატჩი აქვს წაგებული (ბურთების სხვაობა 3:18-თან), ფავორიტად მასიმილიანო ალეგრის ბიჭები უნდა მივიჩნიოთ. 

ეს სპეციალისტი დღეს 2 მნიშვნელოვან ფეხბურთელს, ლეონარდო ბონუჩისა და დანი ალვეშს ვერ დაიხმარს. სამაგიეროდ შესაძლოა ძირითადში იყოს პაულო დიბალა, რომელმაც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია უკვე მოასწრო. თუმცა, იტალიურ გამოცემათა ვარაუდით, სასტარტოში მის ნაცვლად მაინც უფრო მარიო მანჯუკიჩი უნდა გაამწესონ. 

რაც შეეხება "ჯალოროსის", იგი ფრანჩესკო ტოტის, ალესანდრო ფლორენცისა და პარედესს ვერ დაიხმარს. მეორე მხრივ, ბრწყინვალე ამბავია, რომ ძირითადში მოიაზრება დედაქალაქელთა ერთ-ერთი ლიდერი, მოჰამედ სალაჰი, ვისაც მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში. ეგვიპტელს 27 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. 

აუცილებლად აღსანიშნავია ლუჩიანო სპალეტის საშინელი სტატისტიკა "იუვენტუსის" წინააღმდეგ - მას ტურინულ გრანდთან 1 მოგება, 3 ფრე და 17 წაგება აქვს. ხოლო თავად "რომამ" დღევანდელ მეტოქესთან უკანასკნელი 22 ურთიერთშეხვედრიდან, კარი მშრალად ერთადერთხელ შეინახა და ეს 2013 წლის თებერვალში მოხდა. 

სერია ა-ს ეგიდით, ამ გუნდებს შორის ტურინში ჩატარებული 82 მატჩიდან, 53 "ბებერმა ქალბატონმა" მოიგო, 21 ფრედ დასრულდა, "რომას" კი გამარჯვება 8-ჯერ დარჩა. 

კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდს გოლების უმრავლესობა მეორე ტაიმში გააქვს - "იუვენტუსს" მთლიანობაში გატანილი 35 ბურთიდან 21, ხოლო "რომას" 36-დან 25, შესვენების შემდეგ აქვს გატანილი. 

                                                                                                      მწვრთნელების კომენტარები:

მასიმილიანო ალეგრი: "ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელთან მარცხმაც შესაძლოა ზამთრის ჩემპიონობა დაგვაკარგვინოს, რადგან "რომა" შესვენებამდე ჩემპიონატში "კიევოსთან" ითამაშებს, ჩვენ კი დოჰაში, იტალიის სუპერთასზე მოგვიწევს ასპარეზობა.

დიდი მნიშვნელობა ექება დაცვაში ზუსტად თამაშს - "რომას" მობილური ფლანგები ჰყავს, რომელსაც ხიფათის შექმა ნებისმიერ წამს შეუძლია. ეს მატჩი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, თუმცა, ვფიქრობ, არა გადამწყვეტი". 

ლუჩიანო სპალეტი: "ჩვენი პოზიცია მარტივია - ესაა ფუნდამენტალური თამაში, რომელშიც წარმატებას, შესაძლოა გარდამტეხი მნიშვნელობაც ჰქონდეს. "რომა" ფრეზე არ ითამაშებს, რადგან ასეთ შემთხვევაში აუცილებლად წავაგებთ.

ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, რომელმაც საამმატჩო ამოცანები ზუსტად იცის და ვეცდებით ეს ყველაფერი მოედანზე დავამტკიცოთ. მოედნის ცენტრში უპირატესობა უნდა მოვიპოვოთ და თამაშის მიმდინარეობა გავაკონტროლოთ.

რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ხვალ სკუდეტოს ბედი აუცილებლად გადაწყდება, ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება". 

         

სავარაუდო შემადგენლობები Gazzetta dello Sport-ის ვერსიით:

იუვენტუსი: ბუფონი (კაპ.) - ლიხტშტაინერი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო - სტურარო, ხედირა, პიანიჩი, მარკიზიო - მანჯუკიჩი, იგუაინი. 

რომა: შესნი - რუდიგერი, მანოლასი, ფასიო, ემერსონი - დე როსი (კაპ.), სტროოტმანი, ნაინგოლანი - სალაჰი, პეროტი, ჯეკო. 

 

მსაჯი: დანიელე ორსატო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები