sports.ru-ს ჩანახატი ნოდარ ქუმარიტაშვილზე...
Aa
Aa

sports.ru-ს ჩანახატი ნოდარ ქუმარიტაშვილზე...

2010 წლის ზამთრის ოლიმპიადა წუთიერი დუმილით გაიხსნა... ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მე-4 ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე და ის... ქართველი ნოდარ ქუმარიტაშვილი იყო...

ოფიციალური ვერსიით, 12 თებერვლის ტრაგედია, არა ტრასის გაუმართაობას, არამედ მოციგურავის შეცდომას მოყვა, რომელმაც მოსახვევში არასწორი შესვლის გამო, მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა - ტრასის ბორტს, ხოლო ციგიდან გადმოვარდნილი ქუმარიტაშვილი, იქვე არსებულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. ქართველი მოციგურავე 21 წლისა იყო.

ტრასის გაუმართაობა შემთხვევით არ გვიხსენებია. ამავე მოსახვევში, 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი არმინ ცოგელერი და რუმინელი ვიოლეტა სტრამატურარუ, სიკდვილს ბეწვზე გადაურჩნენ...

პოპულარულმა რუსულმა ვებ-გვერდმა sports.ru-მ დაღუპულ სპორტსმენზე საინტერესო და ემოციური ჩანახატი შემოგვთავაზა, რომელსაც ოდნავი ცვლილებით ქვემოთ წაიკითხავთ.

 

ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ქუჩაზე არის ერთი სახლი, სადაც დღესაც გლოვაა... კარი შევაღეთ. ოჯახის უფროსმა, დავით ქუმარიტაშვილმა გულიანად შეგვიპატიჟა. ლამაზად გაწყობილ ქართულ სუფრასთან დავსხედით და სევდიან თემაზე ლაპარაკს შევუდექით.

ბატონ დავითს შვილის ბოლო კადრები არ უნახავს და ამის გაკეთებას არც აპირებს. იგი ნოდართან უკანასკნელ საუბარს იხსენებს:

„ხშირად ვუყურებდი სხვადასხვა საინფორმაციოებს, რომლებშიც სპორტსმენები „უისტლერის“ ტრასაზე საუბრობდნენ და მას საშინელს უწოდებდნენ. ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არმინ ცოგელერს ავარია დაახლოებით იმ ადგილას მოუვიდა, სადაც ნოდარი დაიღუპა. ცოგელერმა რეაგირება მოასწრო და ციგიდან დროულად გადმოხტა წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც იგივე ელოდა, რაც ნოდარს. როცა ჩემ შვილს ბოლოს ტელეფონით ველაპარაკე ვუთხარი, რომ ტრასა 100%-ით მზად არ იყო და დიდი სიჩქარის შემთხვევაში მუხრუჭი გამოეყენებინა, რაზეც მიპასუხა: „უნდა გავრისკო. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება“...

კითხვაზე თუ რატომ არ იჩივლა ტრასის გაუმართაობაზე, ბატონი დავითი ასე პასუხობს:

„მხოლოდ ღმერთმა იცის რეალურად რა მოხდა. ყინულზე სულ მცირე ნახვრეტიც საკმარისია დიდი პრობლემებისთვის. ის კი ვიცი, რომ იმ ტრასაზე ვარჯიშზე არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა თქვა უარი. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ტრაგედიის წინა ღამეს, არსებული უწესივრობების გამო, სპეციალური სამუშაოები მიმდინარეობდა და ამის დამადასტურებელი ფოტოებიც არსებობს“.

ბატონ დავითს დავემშვიდობეთ. იმ შავებით შემოსილი ქალბატონის სევდიანი სახე კი, რომელმაც მეუღლის თხოვნით უგემრიელესი სუფრა გააწყო, არასდროს დამავიწყდება...

ნოდარ ქუმარიტაშვილი საქართველოში რამდენიმე დღეში გადაასვენეს. 20 თებერვალს კი მშობლიური ბაკურიანის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. იქვეა სპორტსმენის ბრინჯაოს ქანდაკებაც.

საქართველოში ის ემახსოვრებათ...

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ 

ცხელი ამბები