მატჩის წინ - რომა VS მილანი
Aa
Aa

მატჩის წინ - რომა VS მილანი

დღეს 00:00 საათზე, რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“, ორი 32 ქულიანი გუნდი, უშუალო კონკურენტები, „რომა“ და „მილანი“ დაუპირისპირდებიან.

„ჯალოროსის“ ლეგენდა ვინჩენცო მონტელა, დედაქალაქში სხვა კლუბთან ერთად ჩადის, რომელსაც კარგი სერია აქვს და ბოლო 5 ტურში 13 ქულა აიღო. „როსონერის“ ბანაკში მცირე საკადრო პრობლემებია - ვერ ითამაშებენ ჯაკომო ბონავენტურა და დისკვალიფიცირებული იურაი კუცკა, ხოლო რიკარდო მონტოლივოს არ ყოფნა ძველი ამბავია.

Gazzetta dello Sport-ის თქმით, ძირითადში კვლავ  ბოლო 2 ტურში 3 გოლის გამტანი, ჯანლუკა ლაპადულა დაიწყებს და კარლოს ბაკა თადარიგში დარჩება.

„შავ-წითლებს“ რომში ცუდი სტატისტიკა აქვთ, სადაც უკანასკნელი 12 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგეს და 6 ფრედ დაასრულეს.

დავამატოთ ისიც, რომ „მილანმა“ ბოლო 20 მატჩი, რომელიც ცხრილში თავისზე ზემოთ მყოფ კლუბებთან ჩაატარა, მხოლოდ 2-ის მოგება შეძლო, 6 ფრედ ითამაშა და 12-ში დამარცხდა.

რაც შეეხება „რომას“, მას დღევანდელ მატჩში შეტევების ერთ-ერთი ლიდერი, მოჰამედ სალაჰი ვერ დაეხმარება, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში 8 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში. მის გარდა არ იქნებიან პარედესი და ფლორენცი.

„ჯალოროსი“ საკუთარ მოედანზე შესანიშნავად თამაშობს, სერია ა-ს ეგიდით ბოლო 20 სახლის თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო, ხოლო უკანასკნელი 10 მატჩი ზედიზედ მოიგო და თუ 3 ქულის აღებას დღესაც შეძლებს, ლუჩიანო სპალეტი თავისივე დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებს. 8 წლის წინაც „რომას“ იგი ედგა სათავეში და გუნდმა „სტადიო ოლიმპიკოზე“ მიჯრით 10 თამაშიანი მოგებათა სერია გამოაცხო.

შეხვედრის მთავარი არბიტრი 42 წლის პაოლო სილვიო მაცოლენი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები Gazzetta dello Sport-ის ვერსიით:

„რომა“: შესნი - რუდიგერი, მანოლასი, ფასიო, ემერსონი - სტროოტმანი, დე როსი, ნაინგოლანი - ელ შაარავი, პეროტი, ჯეკო.

„მილანი“: დონარუმა - აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო - ლოკატელი, სოსა, პაშალიჩი - სუსო, ნიანგი, ლაპადულა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები