საინტერესო ფაქტები დღევანდელ
Aa
Aa

საინტერესო ფაქტები დღევანდელ "ელ კლასიკოზე"

დღეს საღამოს მილიონობით თვალი „ნოუ კამპისკენ“ იქნება მიპყრობილი, სადაც ისტორიაში 265-ე „ელ კლასიკო“ დაიწყება.

საერთო ურთიერთშეხვედრებში (ამხანაგური მატჩების ჩათვლით) უპირატესობა „ბარსელონას“ მხარესაა - 109 მოგება, 58 ფრე და 97 წაგება.

თუმცა ოფიციალურ მატჩებში საპირისპირო ვითარებაა და მცირე უპირატესობა „რეალს“ აქვს - 231 შეხვედრაში, 93 გამარჯვება, 48 ფრე და 90 მარცხი.

უშუალოდ ჩემპიონატის ეგიდით 173-ე დაპირისპირებაა - 72 მოგება „რეალს“, 32 ფრე და 68 გამარჯვება „ბარსელონას“. 

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ ამ გუნდებს შორის 20 მატჩი გაიმართა, რომელთაგანაც 19-ში გოლი ორივემ გაიტანა, ხოლო ის გამონაკლისი შეხვედრა გასული სეზონის „ბერნაბეუს“ 0:4 იყო.

შესაბამისად, როგორც ხვდებით, 2011 წლის შემდეგ, „ბარსელონამ“ მინიმუმ 1 ბურთი ყველა, ოცივე „კლასიკოში გაიტანა.

ბოლო პერიოდში ასეთივე კარგი სტატისტიკა არ აქვს „ელ კლასიკოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ლეო მესის, რომელსაც მას შემდეგ, რაც გუნდში სუარესი და ნეიმარი გადმოვიდნენ „რეალთან“ გოლი არ გაუტანია - 5 თამაშია. 

მეორე მხრივ, ვთქვათ, რომ „რეალი“ დღევანდელ დაპირისპირებას ჩემპიონატში 25 მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება - ბოლოს „სამეფო კლუბი“ 27 თებერვალს, „ატლეტიკოსთან“ 0:1 დამარცხდა.

აქ უკვე შეგვიძლია კრიშტიანუს სტატისტიკაც წამოვწიოთ წინა პლანზე და ვთქვათ, რომ მის მიერ „ბარსას“ კარში გატანილი 16 გოლიდან („რეალის“ მხრიდან მასზე მეტი გოლი „ბარსელონასთან“, მხოლოდ ალფრედო დი სტეფანოს აქვს გატანილი - 18), უმრავლესობა, კონკრეტულად კი, 10 „ნოუ კამპზე“ ჩატარებულ მატჩებზე მოდის. 

საინტერესოა ისიც, რომ „რეალის“ ფეხბურთელებმა ბოლო 26 „კლასიკოში“ 11 წითელი ბარათი მიიღეს, რომელთაგანაც 4 სერხიო რამოსმა დაიმსახურა. 

აი ზინედინ ზიდანს კი, შეუძლია გახდეს „რეალის“ პირველი მწვრთნელი 1965 წლის შემდეგ, რომელიც გუნდს „ნოუ კამპზე“ ზედიზედ 2 „კლასიკოს“ მოაგებინებს. ბოლოს აღნიშნული შედეგი „ბლანკოსის“ ლეგენდარულ თავკაც მიგელ მუნიოსს ჰქონდა. 

ბოლოს ერთი სტატისტიკური დეტალიც, ამ გუნდების ურთიერთშეხვედრა ანგარიშით 0:0, 2002 წლის შემდეგ, უკვე 39 მატჩია არ დასრულებულა. 2011 წლის „კოპა დელ რეის“ ფინალში იყო შემთხვევა, როცა 90 წუთში გოლი არ გავიდა, თუმცა 103-ე წუთზე კრიშტიანუს ერთადერთმა გოლმა თამაშის ბედი გადაწყვიტა.

შეხვედრის არბიტრი 44 წლის „ფიფას“ კატეგორიის რეფერი, კარლოს კლოს გომესი იქნება, რომლისთვისაც ეს მე-3 "ელ კლასიკოა", თუმცა პირველი "ლა ლიგის" ეგიდით.

საქმე ისაა, რომ კლოს გომესის მიერ განსჯილი პირველი "ელ კლასიკო" 2012 წლის სუპერთასის შეხვედრა გახლდათ, რომელიც "ბარსამ" 3:2 მოიგო, ხოლო მეორე 2012-2013 წლების სეზონის ესპანეთის თასის 1/2 ფინალური დაპირისპირება და ის ფრედ 1:1 დასრულდა.

ერთი საინტერესო დეტალიც, ამ არბიტრს "ბარსელონას" მონაწილეობით ჩემპიონატში 20 თამაში უმსაჯია და "ბლაუგრანა" არცერთში დამარცხებულა - 17 მოგება და 3 ფრე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები