რეგისტრაცია
მესის 15 ისტორიული "ელ კლასიკო"

ლიონელ მესი დღეს თავის 33-ე „ელ კლასიკოს“ ითამაშებს, რითაც კარლეს პუიოლს გაასწრებს, ხოლო თუკი ანდრეს ინიესტა მოედანზე ვერ გამოვა, მას დაეწევა.

ამჟამად „რეალსა“ და „ბარსაში“ მოთამაშე ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტ „კლასიკოში“ მონაწილეობა სწორედ ინიესტას აქვს მიღებული. ისე კი, ამ მხრივ რეკორდსმენი 43 მატჩით, „რეალის“ 80-90-იანი წლების ლეგენდა მანოლო სანჩისია.

სააგენტო goal.com-მა არგენტინელზე საინტერესო ნარკვევი შემოგვთავაზა, რომელშიც მის მიერ „რეალის“ წინააღმდეგ ჩატარებული 15 გამორჩეული მატჩია აღწერილი.

1. 19 ნოემბერი. 2005 წ. - ამ დღეს „ელ კლასიკოში“ მესის დებიუტი შედგა. მატჩი მადრიდში ჩატარდა და ის „ბარსამ“ რონალდინიოს ბრწყინვალე თამაშით, 0:3 მოიგო. ბრაზილიელმა 2 შედევრი გოლი შეაგდო! „გაუჩოს" შეხვედრის დასრულების შემდეგ, 85 ათასიანი "სანტიაგო ბერნაბეუ" ფეხზე წამოუდგა და ტაში დაუკრა! ასეთი რამ ამ გუნდების დაპირისპირებას არ ახსოვს!.. კიდევ ერთი გოლი, სამუელ ეტოომ სწორედ 18 წლის მესის აქტიურობის წყალობით გაიტანა. 

2. 10 მარტი. 2007 წ. – „ნოუ კამპზე“ ფრე 3:3 და 19 წლის ლეო „ბარსელონას“ ისტორიაში გახდა მე-7 ფეხბურთელი, რომელმაც „რეალის“ კარში ერთ თამაშში 3 გოლი გაიტანა.

3. 13 დეკემბერი. 2008 წ. - მესის პირველი გამარჯვება „კლასიკოში“. 2:0 მოგებულ შეხვედრაში პირველი გოლი ეტოომ 83-ე წუთზე გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში თავად მესიმ 90-ე წუთზე დააფიქსირა.

4. 2 მაისი. 2009 წ. – „ბარსელონამ“ საძულველი მეტოქე მისსავე მოედანზე 6:2 გაანადგურა. მესის აქტივში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა იყო. მისი პასების შედეგად, ორივე შემთხვევაში ტიერი ანრიმ გაიტანა.

5. 10 აპრილი. 2010 წ. – „ბარსელონამ“ ჩემპიონატის ეგიდით, „რეალი“ ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ხავისა და მესის მიუძღვით. ესპანელმა 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო არგენტინელმა შეხვედრაში ანგარიში გახსნა. საბოლოოდ - 2:0.

6. 29 ნოემბერი. 2010 წ. – „რეალის“ კოშმარი „ნოუ კამპზე“! – 5:0. მესის, მართალია, გოლი არ გაუტანია, თუმცა დავიდ ვილიას მისამართით 2 საგოლე პასი შეასრულა. ეს მატჩი გვარდიოლას საფეხბურთო ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ დემონსტრაციადაა აღიარებული.

7. 16 აპრილი. 2011 წ. – მესისა და რონალდუს მიერ გატანილი პენალტებით „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში 1:1 დასრულდა, რითაც „ბარსელონამ“ მომავალი ჩემპიონობისაკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

8. 27 აპრილი. 2011 წ. - იმავე სეზონში „რეალი“ და „ბარსა“ ერთმანეთს „ჩემპიონთა ლიგის“ 1/2 ფინალში შეხვდნენ. ხსენებულ დღეს პირველი თამაში ჩატარდა და ის მესის დუბლით სტუმრებმა 0:2 მოიგეს, კატალონიაში ფრე 1:1 და „ბარსა“ ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეტოქე ხდება... და თასსაც იგებს...

9. 14 აგვისტო. 2011 წ. - ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში, მადრიდში, მესიმ ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი, ლამაზ სტილში თავად გაიტანა - ფრე 2:2.

10. 17 აგვისტო. 2011 წ. - სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა 3 დღეში „ნოუ კამპზე“ შედგა. ანგარიში მესის პასით, ინიესტამ გახსნა. ამის შემდეგ ლიონელმა „ბარსა“ 2:1 დააწინაურა, თუმცა „რეალმა“ 82 წუთზე გაათანაბრა და ამ ანგარიშზე დამატებითი დრო ინიშნებოდა. 88 წუთზე ჩვენმა გმირმა კიდევ ერთი შეაგდო და სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა ექსტაზში ჩააგდო - „ბლაუგრანამ“ ქვეყნის სუპერთასიც თავისთან დაიტოვა.

11. 23 აგვისტო. 2012 წ. - კვლავ სუპერთასი და კვლავ 3:2. მესიმ პენალტით შეაგდო და მისმა გუნდმა საპასუხო მატჩის წინ მცირე უპირატესობა მოიპოვა.

12. 29 აგვისტო. 2012 წ. – „ბარსას“ მე-10 ნომერმა, მადრიდში ჩატარებულ, იმავე სუპერთასის განმეორებითი დაპირისპირებისასაც შეაგდო, თუმცა თასს „რეალი“, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით დაეუფლა.

13. 7 ოქტომბერი. 2012 წ. – „ნოუ კამპზე“ ფრე 2:2. მასპინძელთა და სტუმართა ორივე გოლი ერთმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ამოცანას უმარტივესი პასუხი აქვს...

14. 2 მარტი. 2013 წ. – „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრას დიეგო მარადონა ესწრებოდა. მესის ფოტოზე მოცემული ლამაზი, დიეგო ლოპესისთვის ახლო კუთხეში გატანილი გოლი, ქულისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 2:1. თამაში ბედი იმავე ფოტოზე საქმის გარეშე მყოფმა, სერხიო რამოსმა, თავური დარტყმით გადაწყვიტა.

15. 23 მარტი. 2014 წ. - მესის ბენეფისი - 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა! შედეგად, "ბარსამ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:4 მოიგო. იგი ამ მატჩის შემდეგ, 21 გატანილი ბურთით „ელ კლასიკოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

სწორედ ამ ბოლო "ჰეთ-თრიქის" შემდეგ, მილიონობით ადამიანის კუმირს, "ელ კლასიკოში" გოლი არ გაუტანია და "რეალთან" შეხვედრებში 5 მატჩიანი "მშრალი" სერია აქვს. 

ვნახოთ რა იქნება დღეს... 

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ჩემპიონთა ლიგა
სერია-ა
ლიგა 1
ევროპის ლიგა
მსოფლიო ჩემპიონატი