რისი ან ვისი ბრალია? -
Aa
Aa

რისი ან ვისი ბრალია? - "შაპეკოენსეს" ტრაგედიის დეტალები

ყველაფერი იწყება იმით, რომ შეძლებული ქალაქის წარმომადგენელი "შაპეკოენსე", ბრაზილიის მასშტაბით მოკრძალებული კლუბია, რის გამოც სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, "კოპა სუდამერიკანას" ფინალური მატჩის სათამაშოდ, არა ჩარტერულით, არამედ რეგულარული რეისით გაემგზავრა.

...მარშრუტის მიხედვით, თვითმფრინავი ბრაზილიის ქალაქ სან პაულოდან, ჯერ ბოლივიის ქალაქ სანტა კრუზის აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, ხოლო იქიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინში გადაფრენილიყო.

ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ კლუბს ჰქონდა მოთხოვნა, ფრენა პირდაპირ ბრაზილიიდან კოლუმბიისკენ შესრულებულიყო, რაზეც ბრაზილიის სამოქალაქო ავიაციისგან უარი მიიღო. როგორც ირკვევა, ასეთი რამის გაკეთება, ხარჯების ოდნავი გაზრდის ან უბრალოდ შესაბამისი პირების კეთილი ნების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, თუმცა ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, მავანმა თავი არ შეიწუხა.

აქ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანის თავში კიდევ ერთი საკითხი წამოტივტივდებოდა. ნუთუ, თავად ქალაქ შაპეკოს მმართველთ არ გაუჩნდათ სურვილი, მათი კლუბი, რომელმაც ისტორიულ შედეგს მიაღწია და კონტინენტის საუკეთესო კლუბის წოდებამდე მხოლოდ ფინალური მატჩის მოგება აშორებდა და ეს მომენტი ერთი ხელის გაწვდენაზე იყო, გადამწყვეტი შეხვედრის სათამაშოდ უფრო კომფორტულ პირობებში გამგზავრებულიყო და მისთვის თუნდაც პირდაპირი რეისის გამოყოფა აეღო საკუთარ თავზე... მაგრამ, ამ ქალაქში ან ფეხბურთი არ ადარდებთ, ანდა ის ბრაზილიისთვის დამახასიათებელი კორუფციის ჭაობშია ჩაფლული და გადაწყვეტილებებს კონკრეტული პირები მხოლოდ და მხოლოდ მათი ინტერესიდან გამომდინარე იღებენ... საქმე ისეთ ქვეყანას ეხება, წესით მეორე ვარიანტი უნდა იყოს...

ისე ცნობისათვის, შაპეკოში 209 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ეს ქალაქი ბრაზილიის აგრო-ინდუსტრიულ დედაქალაქადაა მიჩნეული. შესაბამისად, ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წარმატებულია....

ფრენაზე პასუხისმგებელი 1977 წელს დაარსებული ბრიტანული ავიაკომპანია British Aerospace გახლდათ, ხოლო უშუალოდ მგზავრთა გადაყვანა, ამავე კომპანიის მიერ წარმოებული British Aerospace 146-ის სახელწოდების ავიალაინერით ხდებოდა.

ამინდის გაუარესების გამო, თვითმფრინავთან კონტაქტი შუა ღამის 02:55 საათზე გაწყდა, თუმცა შესაძლოა ავიაკატასტროფის მიზეზი, მხოლოდ უამინდობა არ იყოს... საქმე ისაა, რომ არსებობს ვარაუდი ელექტრული პრობლემებისა და საწვავის ნაკლებობის შესახებ, თუმცა ხაზი გავუსვათ, რომ ეს ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციაა.

ამინდმა ავარიის შემდგომი სამაშველო ოპერაციების სერიოზული გაჭიანურებაც გამოიწვია - დაშავებულთა პოვნისას ძვირფასი წუთები დაიკარგა, საუბარი აღარაა დაღუპულთა ცხედრების დროულ აღმოჩენაზე...

ასეა თუ ისე, კოლუმბიაში მომხდარი საზარელი ამბის დეტალებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ და დაწყებულია დაწვრილებითი გამოძიება, თუ რამ გამოიწვია თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრაგედია.

მარტო ისიც არაა, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილი ფეხბურთელის 35 წლის კლებერ სანტანას დაღუპვამ მსოფლიოს საფეხბურთო წრეები შეაშფოთა - არ დაგვავიწყდეს, რომ ბორტზე სანტანასგან განსხვავებით გლობალურად ნაკლებად ცნობილი ადამიანებიც იყვნენ და მათგან, მხოლოდ ვინმე ხიმენა სუარესი და ერვინ ტუმირი გადარჩნენ.

ადგილზე მყოფთაგან სიკვდილს „შაპეკოენსეს“ მხოლოდ 4 ფეხბურთელი გადაურჩა, თუმცა ამ წუთისათვის ცოცხალი 3-ია... გუნდის გოლკიპერი დანილო, რომელმაც „კოპა სუდამერიკანას“ 1/8 ფინალში არგენტინულ „ინდეპენდიენტესთან“ თერთმეტმეტრიანების სერიისას 4 პენალტი აიღო და შაპეკოელები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, საავადმყოფოში გარდაიცვალა...

თავის ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კაიო ჟუნიორმა თქვა: „თუ დღეს ან ხვალ მოვკვდები, ამ ქვეყნიდან უეჭველად ბედნიერი წავალ“... - ფაქტია მას თავისი ბიჭების ეამაყებოდა, ეს ნათქვამი კი, ან მისტიური შემთხვევითობა, ანდა უფრო ბედნიერებისგან წამოსროლილი ფილოსოფიური ნააზრევი იყო...

43 წლის წინ დაარსებულ და აქამდე უტიტულო „შაპეკოენსეს“ დიდი და პრესტიჟული კონტინენტური ტურნირის მოგებამდე უმცირესი ნაბიჯი აკლდა და ეს ნაბიჯი ახლა, კაიოსთან ერთად უნდა გადაედგა... კაიომ და „შაპეკომ“ ისტორია დაწერეს... დაუსრულებელი, მაგრამ დაუვიწყარი...

3 აქ და 3 ბრაზილიაში... ფინალურ შეხვედრას „შაპეკოენსეს“ 3 ფეხბურთელი ტრავმის გამო ტოვებდა, რომლებიც საკუთარი გუნდის ქომაგობას, ტელევიზორის საშუალებით აპირებდნენ... რა იცოდნენ, რომ მუდამ საძულველი ტრავმა, მათი სიცოცხლის გამახანგრძლივებელი გახდებოდა...

3+3!.. 3 ხომ ღვთაებრივი ციფრია და სწორედ ამ 3-3 კაცისგან ისევ აეწყობა „შაპეკოენსე“!.. გამოვა „სანტა კატარინაზე“ („წმინდა კატარინა“ - ამ გუნდის სტადიონი) და გოლებს დანილოსთვის, კლებერ სანტანასთვის, დენერისთვის, ტიაგინიოსთვის და მათი ბოლო წუთის მეგობრებისთვის გაიტანს...

22 წლის ტიაგინიო ზუსტად 1 კვირის წინ, მამა პირველად გახდა... გოლის აღნიშვნას ჩვეული ჟესტითა და ძალიან ბედნიერი სახით აპირებდა... 

მარსელო ბოეკი ერთ-ერთი ტრავმირებულია... იგი საკუთარ იუბილეს სახლში აღნიშნავდა... მომავალ ყველა დაბადების დღეზე მას „მედელინის წითელი 28 ნოემბრის“ გახსენებაზე, ყელში „ბურთი“ გაეჩხირება და ძალიან ნელა, ანაზდად, თვალიდან ფაქიზი ცრემლი ჩამოუგორდება... 

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები