რეგისტრაცია
მეტი, ვიდრე თამაში..

ფეხბურთს, ერთ-ერთ მთავარ ხიბლს მისი მრავალფეროვნება სძენს. ყველა საფეხბურთო ქვეყანასა და მის შიდა ჩემპიონატს, თავისი ნიშა გააჩნია. შესაბამისად, ფეხბურთის გულშემატკივართა შორისაც, მუდმივი აზრთა სხვადასხვაობა და ხშირი კამათია, თუ რომელი ჩემპიონატი რომელს სჯობს. ზოგს ბრიტანული ფეხბურთი ხიბლავს და უპირატესობას "პრემიერლიგას" ანიჭებს. ზოგიც გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარია. ხოლო დღეისათვის, ყველაზე დიდი პოპულარობით ალბათ მაინც ესპანური "ლა ლიგა" სარგებლობს.

 

გუშინ, მსოფლიოს წამყვან ჩემპიონატებში ისეთი გამორჩეული შეხვედრები გაიმართა, რომელიც ფეხბურთის ნებისმიერი გურმანის გემოვნებას დააკმაყოფილებდა. ინგლისში "მანჩესტერსა" და "არსენალს" შორის გამართული მატჩი ვიხილეთ. "ბუნდესლიგაში" დორტმუნდის "ბორუსია" " მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა. ხოლო ესპანური ფეხბურთის გულშემატკივართა მთელი ყურადღება, "ატლეტიკოსა" და "რეალს" შორის გასამართ მატჩზე იყო გადატანილი...

 

თუმცა... არსებობს ფეხბურთში ისეთი მატჩებიც, რომლებსაც ნებისმიერი ჩემპიონატის გულშემატკივარმა უნდა უყუროს და დღეს საღამოს გასამართი დაპირისპირებაც, სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

არიან ადამიანები, რომლებიც ფეხბურთს მხოლოდ გატანილი გოლების სანახავად უყურებენ, ზოგიც ტელევიზორს მხოლოდ მისი საყვარელი გუნდის გამო თუ მიუჯდება. თუმცა, საბედნიეროდ სპორტის ამ სახეობაში არსებობენ გულშემატკივრები, რომლებისთვისაც ფეხბურთი მეტია ვიდრე უბრალოდ თამაში - "დერბი დელა მადონინაც" ზუსტად ასეთი ქომაგებისთვისაა. გამორიცხულია, რომ გიყვარდეს და პატივს სცემდე სპორტის ამ სახეობას და მილანური დერბი შენთვის უმნიშვნელო მოვლენა იყოს...  სწორედაც რომ გამორიცხული, რადგან ეს არ არის მხოლოდ თამაში. ეს ფეხბურთის ისტორიაა... ისტორია, რომელმაც სპორტის ამ სახეობას დამატებითი ხიბლი შესძინა და საუკუნეზე მეტია გრძელდება.

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ფორმაში იმყოფებიან გუნდები. არც სატურნირო ცხრილს ექცევა ყურადღება. "მილანის" და "ინტერის" დაპირისპირება ცალკე მოვლენაა, რომელშიც სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა იბრძოლო და გამარჯვება ნებისმიერ ფასად მოიპოვო.

როგორ იწყება "მილანისა" და "ინტერის" დაპირისპირება?...  ბოლი სტადიონზე და გამოყენებული პიროტექნიკის შემდეგ ჩამოწოლილი ნისლი. "კურვა სუდისა" და "კურვა ნორდის" ქორეოგრაფია და მათი შეძახილები, რომელიც მთელს სტადიონს აზანზარებს. ძნელია, ფეხბურთის გულშემატკივარს ასეთი რამის განცდისას გული არ აგიჩქარდეს. უნდა ჩაუჯდე თამაშს და 90 წუთი მილანური დერბით იცხოვრო. მთელი მატჩის განმავლობაში იყვირო, განიცადო და საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიამ თვალწინ უნდა ჩაგიაროს.

დღეს ორივე გუნდი გარდაქმნის პროცესშია. "მილანიც" და "ინტერიც" ჩინელი მილიარდერების ხელში გადავიდა და როგორც ერთ, ისე მეორე კლუბში ახალი ერა იწყება. ერა, რომელიც ჯერ-ჯერობით ბურუსით არის მოცული, დერბის ნიშას მაინც ვერ შეცვლის. ვერ შეცვალა 107 წლის მანძილზე გამოვლილმა უამრავმა პრობლემამ და ეს არც ამჯერად მოხდება.

 

არანაირი პროგნოზი და არანაირი ლოგიკა. ეს არის მატჩი, რომელსაც უბრალოდ უნდა უყურო, ისიამოვნო და გაიგო, რომ ფეხბურთი მეტია, ვიდრე მხოლოდ გატანილი გოლები. მილანური დერბი, ანუ "დერბი დელა მადონინა", რომელიც პირველად 1909 წლის 10 იანვარს იტალიის თასზე შედგა, დღეს სერია ა-ს ეგიდით 218-ედ აიღებს სტარტს. 

 

გიგა კაკალაშვილი


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
სერია-ა
ლიგა 1