ანა ჩაკვეტაძე - რუსული eurosport-ის ქართველი კომენტატორი
Aa
Aa

ანა ჩაკვეტაძე - რუსული eurosport-ის ქართველი კომენტატორი

ქართული გვარ-სახელის მიუხედავად, ანა ჩაკვეტაძეს ჩვენს თანამემამულედ მაინც ვერ ჩავთვლით. მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილი გოგონა, ბუნებრივია, კარიერის მანძილზე რუსეთის ფედერაციის სახელით ასპარეზობდა, თუმცა 29 წლის ყოფილი ჩოგბურთელი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს. ანას საყვარელი საჭმელი ხინკალი და ხაჭაპურია. 

"რა თქმა უნდა, ქართული გვარი მაქვს, ქართველი მამა და ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, მიყვარს ქართული სამზარეულო, თუმცა დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ. იქ, მამის მხრიდან, ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ. მათთან ჩასვლას წლის ბოლოს ვგეგმავთ, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად მოვახერხებთ". - ვკითხულობთ მის ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ანას მამა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ჯამბულ ჩაკვეტაძეა, რომელსაც რუსი მეუღლე ჰყავს. 

ვინც არ იცის ვუთხრათ, რომ საჩოგბურთო სამყაროში ჩაკვეტაძე საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. 2007 წლის 10 სექტემბერს, ის ქალთა მსოფლიო რეიტინგში (WTA) მე-5 ადგილსაც იკავებდა. 

ზოგადად, 2007 წელი მის კარიერაში უდავოდ გამორჩეული გახლდათ, რადგანაც "დიდი სლემის" 4-დან 3 ტურნირზე, საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ იმ სეზონში დააფიქსირა - 1/4 ფინალები "ავსტრალიის ღია პირველობასა" და "როლან გაროსზე", ხოლო 1/2 ფინალი "ამერიკის ღია პირველობაზე".

რაც შეეხება "დიდი სლემის" კიდევ ერთ გათამაშებას, "უიმბლდონს", იქ ჩაკვეტაძის პიკი მე-4 რაუნდია, რომელსაც მან 2008 წელს უწია. 

კარიერის ბოლო წლებში ჩაკვეტაძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ 2013 წელს აქტიური ჩოგბურთიდან წასვლა აიძულა. 

2011 წელს ჯერ კიდევ მოქმედი ჩოგბურთელის რანგში, ანამ ძალების მოსინჯვა პოლიტიკაში გადაწყვიტა და პარტია "პრავოე დელოს" სახელით დეპუტატობაზე კენჭი იყარა, თუმცა უშედეგოდ. 

როგორც ამბობს, დეპუტატობის შემთხვევაში, მისი მიზანი სპორტის მიმართულებით მუშაობა იყო. 

"პარტია "პრავოე დელოში" იმიტომ გავწევრიანდი, რომ ეს არის ახალგაზრდა პარტია ახალი იდეებით. თუ დეპუტატი გავხდები, მინდა სპორტის მიმართულებით ვიმუშავო. რუსეთში ბავშვთა სპორტი მთლიანად კომერციულია და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებს ვარჯიშის გაგრძელებას, რომ მის მშობლებს ფული არ აქვთ. მინდა, რომ რუსეთში ბავშვთა სპორტი უფასო იყოს"... 

ამჟამად ჩაკვეტაძე ფრანგულ ტელეარხ "ევროსპორტის" რუსული ვერსიის საჩოგბურთო კომენტატორია და უნდა ითქვას, საქმეს თავს მშვენივრად ართმევს.

ბევრის აზრით, ის დღესდღეობით რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესო საჩოგბურთო კომენტატორია - საინტერესო, ღრმა ანალიზის უნარითა და საუბრის დახვეწილი მანერით. 

ალბათ უკვე ლეგენდარულ რუს საფეხბურთო კომენტატორთან, ვასილი უტკინთან გადაღებული ფოტო კი, სწორედ ზემოხსენებული მოსაზრებისა და მისი საკომენტატორო პოპულარობის სიმბოლოდ მოვიყვანოთ. 

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები