WTA Singapore 2016 - კუზნეცოვამ ამჯერად პლიშკოვა იმსხვერპლა
Aa
Aa

WTA Singapore 2016 - კუზნეცოვამ ამჯერად პლიშკოვა იმსხვერპლა

სინგაპურში მიმდინარე ქალთა შემაჯამებელ ტურნირზე, "თეთრ ჯგუფში" მეორე ტურის მატჩები ძალიან საინტერესო გამოდგა.

განსაკუთრებულად დაძაბული დღის პირველი შეხვედრა იყო, რომელშიც რუსმა სვეტლანა კუზნეცოვამ მორიგი გამარჯვება იზეიმა. 31 წლის კუზნეცოვამ შედარებით გამოუცდელი ოპონენტი, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა დაჩაგრა - 3:6 6:2 7:6. 

ყველაზე უფრო სანახაობრივი, გადამწყვეტი პარტია გახლდათ, რომელიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მოთამაშეებმა ჯამში 8 ბრეიკი შეასრულეს, ტაიბრეიკზე კი, კუზნეცოვამ იძალა და "შემოკლებული გეიმი" 8:6 მოიგო, რითაც როგორც მეორე მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვა, ტურნირის 1/2 ფინალური საგზურიც გაინაღდა.

"თეთრი ჯგუფის" მეორე შეხვედრაში, აგნეშკა რადვანსკამ პირველი სეტის გაჭირვებით, ტაიბრეიკზე მოგების შემდეგ, მეორე პარტია შედარებით ადვილად, 6:3 აიღო, ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და თავის მეტოქეს, გარბინ მუგურუზას შემდეგ ეტაპზე გასვლით ყოველგვარი შანსი მოუკლა. 

ამრიგად, ამ ჯგუფის მეორე 1/2 ფინალისტს, ბოლო ტურის მატჩი გაარკვევს, რომელშიც ერთმანეთს რადვანსკა და პლიშკოვა დაუპირისპირდებიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები