რაფაელ ნადალი: დასვენების და აღდგენის დროა
Aa
Aa

რაფაელ ნადალი: დასვენების და აღდგენის დროა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა სეზონის ნაადრევად დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ, როჯერ ფედერერის გარდა, მაყურებელი ვერც ესპანელს იხილავს წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

"არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ცუდად მომზადებული გავემგზავრე, ბოლომდე არ მქონდა გავლილი აღდგენითი პროცესი. მაგრამ მქონდა მიზანი -მედალი მომეპოვებინა ესპანეთისთვის.

დაჩქარებულმა მკურნალობამ ტკივილი მოიტანა, რომლის მოთმენა დღემდე მიწევდა. ამიტომაც გადავწყვიტე გავჩერდე და 2017 წლის სეზონისთვის მოვემზადო", - განაცხადა ნადალმა.

ამ სეზონში რაფამ მოიგო ბარსელონას ტურნირი და მონტე კარლოს "მასტერსი", რიოს ოლიმპიადაზე კი ოქროს მედალი მოიპოვა წყვილთა თანრიგში. ამასთან, პირველად 2005 წლის შემდეგ, ნადალმა ვერ შეძლო "დიდი სლემის" ვერც ერთ ტურნირში მეოთხედფინალამდე მისვლა, გარდა ამისა, გამოვარდა რეიტინგის ტოპ-ხუთეულიდან.

სიტუაციას კომენტარი გაუკეთა ნადალის ექიმმა ანხელ რუის კოტორომ. მისი თქმით, მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

"რაფა სრულიად ჯანმრთელი იქნება მომავალი სეზონის სტარტისთვის. უკვე შევადგინეთ რეაბილიტაციის გეგმა", - განაცხადა კოტორომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები