Aa
Aa

"ხიზანა" - 13

„დინამოს“ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, ქართველი გულშემატკივარი, სიმთვრალიდან ნელ-ნელა გამოდიოდა... იმ წელს, „დინამოს“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ნოდარ ხიზანიშვილმა ორი ჯეკპოტი მოხსნა - 13 მაისს და 6 ოქტომბერს... 

1999 წელი. 5 ივნისი. საქართველო თბილისში საბერძნეთს ეთამაშებოდა, შეცვლაზე 17 წლის ბიჭი შემოიყვანეს, რომელსაც გულშემატკივართა ნაწილი, მხოლოდ იმიტომ თუ იცნობდა, რომ ნოდარ ხიზანიშვილის შვილი იყო. გავიდა წლები და „ხიზანებმა“ ცნობადობის როლები გაცვალეს...

„დანდიში“ მისულს, უფროსი მეგობარი, გიორგი ნემსაძე დახვდა. საქმეები თავიდან არცთუ კარგად წავიდა, პირველსავე სეზონში მიღებულმა მუხლის უმძიმესმა ტრავმამ, თითქმის 1 წელი წაიღო... „ხიზანა“ დაბრუნდა და იმდენად კარგად, რომ 2003-ში „რომა“ დაუკავშირდა. შეხვედრა ფაბიო კაპელოსთან, წინასწარი კონტრაქტიც გაფორმდა, თუმცა... მალე სერია A-ში, არაევროკავშირელებზე ლიმიტი შემოიღეს და „რომამაც“, კაფუს, ემერსონის, ვალტერ სამუელის, გაბრიელ ბატისტუტასა და სხვა არაევროკავშირელი ვარსკვლავების გადამკიდე, კონტრაქტის გაუქმება გადაწყვიტა...

შემდეგ იყო შოთისთან ერთად „რეინჯერსი“, მერე „ბლექბერნი“ და რამდენიმე შესანიშნავი, ჩვენთვისაც მაგრად მოსაგონარი სეზონი პრემიერ ლიგაში... შაბათ-კვირა, ტელევიზორი, „მზე“, „ხიზანა“ და პრემიერ ლიგა...

„ლივერპულთან“ მატჩი და ჯიბრილ სისესთვის არტყმული სილა... იმ სისესთვის, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საბერძნეთის სასამართლო არაკაცურ საქმეზე ედავებოდა და იმ სისესთვის, რომელმაც მაშინ, კაცური სილა მიიღო...

შეცდომას ყველა უშვებს, განსაკუთრებით კი, სპორტში. თუმცა, უფრო დიდი შეცდომაა, შეცდომის გამო, ფეხბურთელს მოღალატე უწოდო... ასეთ შეცდომას ნამდვილი გულშემატკივრები არ უშვებენ, მათ იციან, რომ სპორტში ყველაფერი ხდება, მათ იციან, რომ „ხიზანა“ გული იყო და ის უგულოდ ვერ ითამაშებდა. ის კაცი, რომლისთვისაც ნაკრები ბევრს ნიშნავდა. იმდენად ბევრს, რომ მაშინ, როცა ზემოთ ნახსენები მუხლის ტრავმა, თავს ყოველი თამაშისას ახსენებდა, ჩამოდიოდა და მოედანზე სულს, გულს, ფეხსა და მუხლს ტოვებდა... გარეთ გამოსულს კი, თავისუფლად შესაძლებელია, შხაპიც ვერ მიეღო...

სანაკრებო ნომერიც დიდი გამარჯვების სიმბოლოდ ავირჩიეო - ამბობს ზურა და ყოველთვის ამატებს, რომ ამას კიდევ ერთი დიდი მიზეზი აქვს... მამას უახლოესი მეგობარი, ვიტალი დარასელია... „ხიზანას“, ცოცხალი დარასელია ნაკლებად ახსოვს, თუმცა იცის, რომ ის და მისი გოლი ყველას უნდა ახსოვდეს... და ეს ცოდნა, წარსულის სიყვარული, დასაფასებელია...

ქართველებს გვიყვარს სიტყვა ინტელიგენტი, „ხიზანა“ სწორედ ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ეს სიტყვა ალალად, დაუმადლებლად ეკუთვნის... ფეხბურთი მარტო ფიზიკა არაა... ინტელექტი, ტვინი, საფეხბურთო აზროვნება - ნაღდი, მცოდნე ქომაგი, ამას ყველაფერზე ძვირად აფასებს...

არა მარტო ქართველი... "ხიზანას", თამაშის სტილის, მისი საფეხბურთო აზროვნების გამო, უცხოეთში "ქართველი იერო" შეარქვეს. თამაშის წაკითხვა, მოვლენამდე ერთი წამით ადრე მიღებული სწორი გადაწყვეტილება - ეს ის თვისებაა, რომელიც დაბადებისთანავე დაგყვება. ამას ვერ სწავლობ... 

ისე ერთიცაა, იერო, იერო იყო, "ხიზანა" კი "ხიზანაა"... ის ჩვენში თავისებური, განსაკუთრებულად ლამაზი სათამაშო მანერით დარჩება, და არა - რომელიმე უცხოელ ჰიპერვარსკვლავთან ასოციაციით...

„ხიზანას“ გულშემატკივართან, არასდროს შეშლია. ის „ჯვაროსანთა“ ღირსებას 93 მატჩში იცავდა, იდგა იქ, სადაც საჭირო იყო... 2016 წლის 5 სექტემბერს კი, მისი და ნაკრების 16 წლიანი ურთიერთობა დასრულდა...

დღეს 6 ოქტომბერია. იმ დღიდან 35 წელი გავიდა და ნოდარ ხიზანიშვილის ოჯახში, ზურა ხიზანიშვილის დაბადებას, 35-ედ ზეიმობენ. ისევე ზეიმობენ როგორც მაშინ, თუმცა განსხვავებაა, რომ „პატარა ხიზანას“ ახლა ყველა იცნობს... იცნობენ იმიტომ, რომ უნდა იცნობდნენ...

13 ნომერს ბოლო ტაში დაუკრეს... ის წავიდა...

მადლობა ხიზან!

 

ირაკლი ფოფხაძე 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები