შენ ყველაზე მაგარო! -
Aa
Aa
23 სექტემბერი 2016  |  23:44

შენ ყველაზე მაგარო! - "სარბიელი", "ამერი" და ქართული ჯიგარი...

„სარბიელი“ - სტაჟიანმა იცის, არასტაჟიანს გაუგია მაინც. მადლიანი ქართული სპორტული გაზეთი. ისეთი მადლიანი, როგორიც შემდეგში, ამ გაზეთის დამაარსებლის დაარსებული საფეხბურთო კლუბი იყო.

2002 წელი იყო. ჩუმად, თოფის სროლის გარეშე, დაიბადა გუნდი, რომელსაც თავისი ნაღდი ქართული სახელი, „ამერი“ უნდა ჩაეწერა ქართულ ფეხბურთსა და ჩვენ მეხსიერებაში.

2005 წელს უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა და იმავე სეზონში, ოღონდ უკვე 2006-ში ქვეყნის თასი მოიგო. სადებიუტო ევროთასებზე, გუნდი ჯერ სომხურ „ბანანცს“ შეხვდა და დაამარცხა, შემდეგ კი, გერმანული „ჰერტა“ და... ძალიან ცოტა, პატარა კლუბის დიდ გამარჯვებამდე.

„ჰერტას“ როცა სჭირდება მაშინ იგებს, „ამერს“ შანსი არ აქვს“ - მსგავსი ფრაზები მესმოდა, თუმცა... შანსი იყო და თან დიდი...

ბერლინში ჩავიდა გუნდი, რომელსაც არავინ იცნობდა, გერმანელებმა სახელი „ამერი“ საერთოდ პირველად გაიგეს - რა გასაკვირია, ის ხომ ჩვენ, ქართველებსაც რამდენიმე წლის გაგონილი გვქონდა... და ასეთ მოკლე დროში, თბილისის ერთ-ერთი დიდი უბნის, გლდანის საფეხბურთო კლუბი, მრისხანე მეტოქეებს, აბრეზებით ემუქრებოდა. 

ბერლინურ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის ბოლო წამებზე გავიდა, ზურაბ ქვაჩახიას, შეცვლაზე გამოსულმა ნიგერიელმა, სოლომონ ოკორონკვომ გაუტანა. „ოლიმპიაშტადიონი“ ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთ დროს გატანილი გოლი, ასე გაახარებდა... ის „ოლიმპიაშტადიონი“, რომელსაც სულ ერთი თვის წინ ზინედინ ზიდანის ცნობილი თავური და ფაბიო გროსოს ბოლო პენალტი ენახა...

აი დღემდე ხშირად გახსენებული თბილისური მატჩი კი, ცალკე თემაა... „მიხეილ მესხზე“ იყო ის ჯიგარი, რომელიც გიორგი ჩიხრაძის გუნდს არასდროს აკლდა. „ამერი“ ორჯერ იგებდა, ჯერ კაპიტანმა დავითნიძემ შეაგდო, მერე კი, „აბრეზამ“ კლასნი გოლი დააჭედა და 4 წლის ქართულ გუნდს, საბოლოო გამარჯვებისთვის, დარჩენილ 40 წუთში, კიდევ 1 ბურთი სჭირდება... 

...რას წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, იმ შეხვედრისა და ზოგადად, „ამერის“ ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, ისეთ დაწესებულებაში წავაწყდებოდი, რომ გული ჩამწყდებოდა და ღრმად ჩამაფიქრებდა. წაწყდომა ერთია და შემთხვევაა, ეგაა, რომ მის თვალებში, გარეგნობაში, ჩაცმულობაში, დავინახე ის, რატომაა ცხოვრება ერთი წამი და რატომაა ნებისმიერი სიტუაცია თუ მდგომარეობა წარმავალი... გამოვედი იქიდან, ფეხით ქუჩას გავუყევი და ჩავფიქრდი...

...ბიჭებმა შეუტიეს, მომენტებიც შექმნეს, მეტოქეც მაგრად ანერვიულეს, თუმცა 83 წუთი და... მარკო პანტელიჩმა „ჰერტა“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. უნდა გენახათ როგორ გაუხარდათ ეს გოლი გერმანელებს, როგორ ახლოს იყვნენ ისინი დიდ სირცხვილთან - ალემანთა დედაქალაქის უძველესი გუნდი, რაღაც ქართულ კლუბთან მარცხდებოდა. გერმანიაში ამ წაგებას ვერ გაიგებდნენ და არც უნდა გაეგოთ, „ჰერტას“ ამის უფლება არ ჰქონდა. 

ასეთი ჯიგრიანი იყო „ამერი“. მან საქართველოს თასის ზედიზედ 3 ფინალი (2006-07-08) ითამაშა, სამივეჯერ „ზესტაფონს“ შეხვდა - 2 მოიგო და 1 წააგო.

გუნდმა სულ 7 წელი იცოცხლა, თუმცა ვისაც ფეხბურთი უყვარს და ოდნავ მაინც იცის, ეს კლუბი რომ არ ახსოვდეს არ იქნება. „ამერს“ თავისებური სტილი, ჯიგარი, ვაჟკაცობა და კაცურ-კაცობა ჰქონდა. 

2009-ში გუნდი დაიშალა, დროებითი პაუზა აიღო და მჯერა, ადრე თუ გვიან „ამერი“ დაბრუნდება“, თუმცა ის „ამერი“, ის ჩვენი „ამერი“ აღარ იქნება... ის უბრალოდ კარგი მოგონებაა, მოგონება ნაღდი ფეხბურთისა და ბრძოლისა, რაც ჩვენში, ბოლო წლებში ასე იშვიათია...

შენ ყველაზე მაგარო, შენ ყველაზე ჯიგარო! „ამერმა“ გამარჯვების გოლი მაინც გაიტანა... 

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები