ცრემლიანი დიადი...
Aa
Aa

ცრემლიანი დიადი...

იტალიელებმა გულიანი „ფრატელი“ დააგუგუნეს, გერმანელებმა ჰიმნი ეტიკეტურად იმღერეს... მოედანზე ორი ძალიან დიდი გუნდი იდგა... და წავიდა თამაში პირველ გამოყენებულ შეცდომამდე...

იტალიელთა კარში იდგა კაცი, რომლისთვისაც ევროპის ჩემპიონატის ოქრო, ჯერაც მიუღწეველი, შეუგრძნობელი იყო... მისი სული, გული და არსება ამ თამაშში იყო, ეს ბოლო შანსია. ბიჭებმა მისთვის, იტალიისთვის და ფეხბურთისთვის უნდა შეძლონ, ეს უნდა გააკეთონ...

ჯერ იყო და 2012-ში გაუგონრად წაგებული, წასაგები ფინალი და 4 წლის შემდეგ საკმარისად კარგი გუნდი და ამ გუნდსაც რაღაც აკლდება.

ბიჭებმა სცადეს, მაგრამ ვერ გააკეთეს. ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვიღაცას უნდა. სამაგიეროდ, რაც ხდება, ის უნდა მოხდეს და ეს კანონზომიერებაა... კანონზომიერებაა ისიც, რომ ანტონიოს ნიკოპოლიდისის თვალებში ევროპის ჩემპიონობით განცდილ სიამაყეს ამოვიკითხავთ.

კანონზომიერებაა, რადგან „ევრო 2004“-ის ხსენებაზე ვიღაცას ნიკოპოლიდისი და საბერძნეთის ნაკრები გაახსენდება. ფეხბურთი ისტორიაა, რომელშიც ყველას, ვისაც ბურთი გაუგორებია, თავისი ადგილი აქვს...

მთავარი კანონზომიერება კი ისაა, რომ იმას, ვისაც ამ ტურნირის მოგება არ ხვდა, არა ევროპის ჩემპიონატების ხსენებაზე, არამედ ფეხბურთის ხსენებაზე გაიხსენებენ...

...და უნდა გაიხსენონ ის ნაპენალტევის ცრემლი... ტიროდა ფეხბურთი... ტიროდა იტალია. ტიროდა „პატარა ჯიჯი“, რომელიც ამ ცრემლმა გაზარდა და გააძლიერა... რომელიც „დიდი ჯიჯის“ წასვლის შემდეგ იმის გაუკეთებელს გააკეთებს!..

წაგებას საკუთარ სახლში განიცდიდა წვეროსანი ბრძენკაცი... ის ამ ჩემპიონატზე აღარ წაიყვანეს, აღარ დასჭირდათ... ტიროდა ისიც... მოედანზე მოტირალისგან განსხვავებით, მას ევროპის ჩემპიონობაზე ოცნება, ჩემპიონატის დაწყებამდე მოუკლეს...

თითქოს მაღლა ვიღაც განრისხდა, თითქოს ამის გამოძახილი იყო, რომ იტალიელთა თავკაცს გადამწყვეტ მატჩში იქ შეექმნა პრობლემა, იქ აღარ ჰყავდა კაცი, სადაც მას უნდა ეთამაშა... იქ მისი ადგილია, იქ მისი სამფლობელოა... ასეთი მეფეების ძალით გადაგდება არ შეიძლება...

ბრძოლა გრძელდება. ის დიდი კაცი 2018-ში ჩვენს მეზობლად ჩამოვა, კიდევ ერთხელ დაღვრის ცრემლს და წავა...

წასვლით ყველა ვარიანტში კარგად წავა. სხვანაირად არ იქნება. როგორც მას ეკადრება, ისე წავა... ჩვენ ის უნდა გავაცილოთ, მადლობა ვუთხრათ იმ სიყვარულისთვის, რომელიც თვალებიდან ჩამოცვივდა...

ცრემლში ყოველთვის წრფელი ემოციაა, ბუფონში ყოველთვის ფეხბურთია...

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები