სხვადასხვა
Aa
Aa

სხვადასხვა "ზიზუ"...

ზინედინ იაზიდ ზიდანმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველად 2001 წელს შეაბიჯა და მას შემდეგ ამ კაცს ორი სახლი აქვს... აქ მოსული ზიდანი უკვე თემა იყო, მოგებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებით... თამაშის სტილი ცალკე...

თითოეულ მატჩში რაღაც ისეთს გააკეთებდა, რაც ფეხბურთს გაყურებინებდა. ბურთი „ზიზუს“ ყველაზე ახლო მეგობარი და მესაიდუმლე იყო. მათ ერთმანეთისა ყველაფერი იცოდნენ. განა ამ ურთიერთობის გამოხატულება არაა მისი ფინტი, რომელსაც ბავშვობაში თანაგუნდელებთან ერთად ხშირად ვაკეთებდით, მისი „მოძრაობით კაცის მოტყუება“, მისი პასი, მისი ხედვა... ეს ყველაფერი მხოლოდ მისი იყო და სხვა არავისი, ჰქონდა ქარიზმა, რაც სათაყვანებელს, მიუბაძავს ხდიდა... საავტორო უფლებები საჭირო არ იყო, რასაც ზიდანი ქმნიდა, იმას სხვა ვერ იზამდა...

მიუხედავად იმისა, რომ „რეალთან“ ერთად ბევრი ტიტული ვერ მოიგო, მაინც სხვანაირად უყვარდათ. მას მტკიცე, უტეხი ხასიათი ჰქონდა, „რეალის“ ფანები ამას ხედავდნენ და აფასებდნენ. მოედანზე გამოსული ზიდანი არ შეიძლებოდა „ჩამქრალი“ და უგულო ყოფილიყო. მის თვალებში ყოველთვის ცეცხლი და უსაზღვრო იმედიანობა გამოსჭვიოდა. იმედი საკუთარი თავისა, მან იცოდა, რომ საჭირო დროს გასაკეთებელს გააკეთებდა. იგი ბუნებით მტაცებელი, ამავე დროს ლიდერი იყო...

ბანალური თემაა, რომ დიდი ფეხბურთელები დიდი მწვრთნელები ვერ ხდებიან, თუმცა... ზიდანმა ეს საქმიანობა ისე დაიწყო, როგორც ეკადრებოდა... მან ფეხბურთელებს აუხსნა, რომ აქ მთავარი არა ზიდანი, რონალდუ და რამოსი, არამედ „რეალია“. ბიჭებმა ყველაფერი გაიგეს და ზიდანი საქმეს მშვიდად აკეთებს...

უკვე იკვეთება კონტურები... ფრანგი თითოეულ მეტოქესთან შესაბამის ტაქტიკას ამუშავებს, მოწინააღმდეგის პლიუს-მინუსებს უღრმავდება და მერე ამას იყენებს. არიან მწვრთნელები, რომლებიც ნებისმიერი სტილისა და სიძლიერის მეტოქესთან, ერთი ტაქტიკითა და გეგმით თამაშობენ. მისთვის კარგია, რომ ზიდანი ამ შემთხვევაშიც მრავალფეროვანია. დღევანდელ ფეხბურთში ვარირება აუცილებელია და აუცილებელია, რომ ზიდანმა ეს იცის...

ფრანგმა სეზონის ფინიში პირადი რეკორდით აღნიშნა. „რეალის“ ისტორიაში იგი პირველი მწვრთნელია, რომელმაც მოსვლის შემდეგ პრიმერას 20 თამაშში გუნდს 53 ქულა მოაპოვებინა, ეს „სამეფო კლუბის“ მესაჭეებისთვის საუკეთესო შედეგია, ისეთი, როგორიც სეზონის „ჩემპიონთა ლიგის“ მოგებით დასრულება იქნებოდა...

მწვრთნელობა - მოთმინება, ხასიათის სიმტკიცეა. ზიდანს ეს აქვს და შეუძლია წარმატებული გახდეს. „ზიზუმ“ ეს იცის და პროგრესისთვის მზადაა...

ეს პირველი რეკორდია, წინ დიდი მოედანია, რომელზეც ზიდანმა ჩვეულად უნდა ითამაშოს...  

 

ირაკლი ფოფხაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები