მოურინიოს პირველი მანჩესტერული ტრანსფერი!
Aa
Aa

მოურინიოს პირველი მანჩესტერული ტრანსფერი!

"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ამ გუნდის ხელმძღვანელებს სასურველი ფეხბურთელების გადაბირება აქედანვე დაუკვეთა. 

არახალია ამბავია, რომ "განსაკუთრებულს" 18 წლის თანამემამულე რენატო სანჩესი ძალიან მოსწონს და მისი საკუთარ გუნდში ხილვის დიდი სურვილი აქვს. "იუნაიტედის" ბოსებმა ამ საქმეში ფხა გამოიჩინეს და როგორც პორტუგალიური "record" იუწყება, ჯერ კიდევ "ბენფიკას" საკუთრებაში მყოფ ნახევარმცველთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს ახალ პოლ პოგბად შერაცხული სანჩესი "ოლდ ტრაფორდის" გზას დაადგება და მადრიდის "რეალს" ამ ტრანსფერში ხელი მოეცარება. არადა, ვიცით, რომ "სამეფო კლუბის" დიდკაცებიც ფრიად მონდომებული იყვნენ მისი გადაბირებით. 

როგორც ხსენებული სააგენტო ამტკიცებს, ინგლისელები ლისაბონელებს 40 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო 20 მილიონს ეტაპობრივად, ბონუსების სახით ჩაურიცხავენ. 

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ "ბენფიკამ" თავის დროზე 9 წლის რენატო მხოლოდ 750 ევროდ გადმოიყვანა საკუთარ საფეხბურთო სკოლაში, ახლა კი მისი გაყიდვით კლუბი სერიოზულ ფინანსურ სარგებელს ეშურება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები