ბუნდესლიგა
Aa
Aa

ბუნდესლიგა

ჰამბურგი - ბაიერნი

 

„ბუნდესლიგის“ მე-18 ტური სტარტს საკმაოდ საინტერესო მატჩით აიღებს. „ჰამბურგი“, რომელიც გასულ წლებთან შედარებით, მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება, საკუთარ „ფოლკსპარკშტადიონზე“ მოქმედ ჩემპიონ, მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს და საკუთარი გულშემატკივრებისთვის სიურპრიზის გაკეთებას ეცდება.

მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა „ჰამბურგს“ კარგს არაფერს უქადის. 1998 წლიდან დღემდე ეს გუნდები ამ სტადიონზე ერთმანეთს სულ 21-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც მასპინძლებმა მეტოქის დამარცხება მხოლოდ 3-ჯერ მოახერხეს, 11 შეხვედრაში ბაიერნმა იმარჯვა, ხოლო 7 მატჩი ფრედ დასრულდა. „რეკორდმაისტერის“ წლევანდელ სათამაშო ფორმასაც თუ გავითვალისწინებთ, წესით „ჰამბურგის“ შანსები არც ამ შეხვედრაში უნდა იყოს მაღალი.

რაც შეეხება სტატისტიკას, „ჰამბურგი“ თითოეულ თამაშში საშუალოდ 3 კუთხურს აწვდის, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. „ბაიერნი“ კი აღნიშნულ სტანდარტს საშუალოდ 6-ჯერ ასრულებს და წესით, სტუმრებს უპირატესობა ამ კომპონენტშიც ექნებათ.

 

 

კიოლნი - შტუტგარტი

 

„კიოლნი“ როგორც ყოველთვის, წელსაც საკმაოდ არაპროგნოზირებადი გუნდია. მასპინძლებს შეუძლიათ, რომ შინ „აუგსბურგთან“ წააგონ, შემდეგ კი დორტმუნდის „ბორუსიას“ სძლიონ. სწორედ ამიტომ, „თხებს“ გამოკვეთილ ფავორიტად ვერც ამ შეხვედრაში მივიჩნევთ. მართალია, „შტუტგარტი“ გასვლით შეხვედრებს საკმაოდ ცუდად ატარებს, თუმცა ისეთ არასტაბილურ გუნდთან, როგორიც „კიოლნია“, სტუმრებისთვის 3 ქულისთვის ბრძოლა, უტოპიას ნამდვილად არ წარმოადგენს.

ერთადერთი, რაზეც პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია, ეს ოფსაიდებია. მასპინძლები შეხვედრაში საშუალოდ 3-ჯერ ხვდებიან თამაშგარე მდგომარეობაში. „შტუტგარტის“ ფეხბურთელების მაჩვენებელიკი გაცილებით მეტია(4).

 

 

ჰანოვერი - დარმშტადტი

 

„ჰანოვერისა“ და „დარმშტადტის“ დაპირისპირება დიდ ინტერესს ნამდვილად არ იწვევს, თუმცა ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. როგორც პირველმა წრემ აჩვენა, „ჰანოვერიც“ და „დარმშტადტიც“ „ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ და ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული, მიზნისაკენ საკმაოდ დიდ ნაბიჯს გადადგავს.

მართალია „ჰანოვერს“ 17 თამაშიდან 10-ში „მეტობა“ აქვს ნათამაშები, თუმცა ეს ძირითადად გაშვებული გოლების დამსახურება უფროა, ვიდრე გატანილის. „დარმშტადტის“ სათამაშო სტილიდან გამომდინარე, კი სტუმრები მეტოქეს დიდი ძალებით ნამდვილად არ შეუტევენ და წესით, ბევრ გატანილ გოლს ამ დაპირისპირებაში არ უნდა ველოდოთ.

 

 

ჰერტა - აუგსბურგი

 

„ჰერტა“ მიმდინარე გათამაშებაში ყველას აოცებს. პირველი წრის შემდეგ, ბერლინელები 32 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან და „ჩემპიონთა ლიგის“ საგზურისთვის მებრძოლ გუნდთა შორის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან. მასპინძლები განსაკუთრებით კარგად საკუთარ მოედანზე ასპარეზობენ, სადაც 8 ჩატარებული შეხვედრიდან 6 მოიგეს, ერთი ფრედ ითამაშეს და 1 მატჩიც მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ დათმეს.

თავის მხრივ, საშინელი სტარტის შემდეგ, თამაში „აუგსბურგმაც“ საგრძნობლად გამოასწორა და სტუმრებს უკანასკნელი 5 მატჩიდან 4 მოგება და 1 ფრე აქვთ. აქედან გამომდინარე, წინ საკმაოდ საინტერესო მატჩი გველის და სავარაუდოდ გატანილ გოლებს ორივე გუნდის კარში ვიხილავთ.

 

 

ჰოფენჰაიმი - ლევერკუზენი

 

„ჰოფენჰაიმი“ ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფება და დიდი ალბათობით, მათი მდგომარეობა არც ამ შეხვედრის შემდეგ შეიცვლება. „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ თამაში „ჰოფენჰაიმს“ ძალიან უჭირს და ბოლოს საშინაო არენაზე „ბაიერის“ დამარცხება მათ 2003 წელს შეძლეს. თავის მხრივ, სტუმრები „ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, რომელზეც კონკურენცია ძალიან დიდია. ასე, რომ ჩემპიონატის აუტსაიდერთან ქულების დაკარგვის უფლება „ლევერკუზენს არ აქვს და წესით, შმიდტის ფეხბურთელებმა დაგეგმილი 3 ქულა უნდა აიღონ.

სტატისტიკურად „ბაიერი“ შეხვედრაში საშუალოდ 6 კუთხურს აწვდის. მასპინძელთა მაჩვენებელი კი თითოეულ თამაშში მოწოდებული 4 კუთხურია. ამის გათვალისწინებით, გუნდებმა აღნიშნულ დაპირისპირებაში 9-ზე ნაკლები კუთხური წესით, არ უნდა მოაწოდონ.

 

 

ინგოლშტადტი - მაინცი

 

„ინგოლშტადტს“ არამარტო „ბუნდესლიგაში“, არამედ წამყვან 5 ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდთა შორის, ყველაზე ცოტა გოლი აქვს გატანილი. მასპინძელთა ანგარიშზე 11 ბურთია, რაც ძალიან დაბალი შედეგია. აქედან გამომდინარე, არც ის არის გასაკვირი, რომ „ინგოლშტადტის“ მიერ ჩატარებული 17 მატჩიდან 14 ე.წ. „ნაკლებობით“ დასრულდა. ამ მატჩთა რიცხვში „ბაიერნთან“ და „ლევერკუზენთან“ გამართული შეხვედრებიც შედის, და ნაკლებ სავარაუდოა, რომ „მაინცმა“ (რომელთა შეტევითი პოტენციალი აღნიშნული გუნდებისას საგრძნობლად ჩამორჩება) მასპინძლებს 1-ზე მეტი გოლი გაუტანოს. თავის მხრივ უკანმოუხედავად რათქმაუნდა არც „ინგოლშტადტი“ შეუტევს და ამის გათვალიწინებით, უხვგოლიანი შეხვედრის იმედი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს და არც ის არის გამორიცხული, რომ გუნდები უგოლო ფრეზეც გაიყარონ.

 

 

გლადბახი - დორტმუნდი

 

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „გლადბახი“ საკუთარ მოედანზე დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდება. აღნიშნული გუნდები, მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მაღალ-შედეგიანობით გამოირჩევიან. „გლადბახს“ 17 მატჩიდან 14 „მეტობა“ აქვს ნათამაშები. „დორტმუნდის“ შედეგი კი უფრო შთამბეჭდავია. 15 „მეტობა“ 17 შეხვედრაში. ამ სტატისტიკის გათვალიწინებით, ნამდვილი სასწაული იქნება, თუ აღნიშნულ დაპირისპირებაში 2-ზე ნაკლები გოლი გავა. გუნდებისთვის აღნიშნული დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისითაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და წესით, მაყურებელს წინ საკმაოდ გახსნილი და სანახაობრივი მატჩი ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები