მძიმე მარცხი ტირასპოლში - ''ტორპედო'' ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა
Aa
Aa

მძიმე მარცხი ტირასპოლში - ''ტორპედო'' ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

საქართველოს ჩემპიონმა ქუთაისის ''ტორპედომ'' ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. საპასუხო შეხვედრაში ტირასპოლის ''შერიფმა'' შინ 3:0 გაანადგურა კახა ჩხეტიანის გუნდი.

პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა და ''ტორპედოს'' გამარჯვებით 2:1 დასრულდა. საპასუხო მატჩში ქართულმა კლუბმა სამი უპასუხო გოლი გაუშვა.

მატჩი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა. მოლდოვური გუნდი უპირატესობას ფლობდა და შესვენებამდე ორი გოლი შეაგდო. ''შერიფის'' შემტევმა ბადიბანგამ კარგი შეხვედრა ჩაატარა. მან მე-9 წუთზე ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა, მე-40 წუთზე კი მისი საგოლე გადაცემით ბრაზილიელმა ჟო სანტოსმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

დამაჯერებლად მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ 55-ე წუთზე ჟო სანტოსმა დუბლი შეასრულა, მან საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

''ტორპედო'' ევროპა ლიგაზე გადაერთვება და გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. ''ტორპედო'' ერთ კვირაში ფარერის კუნძულების კლუბ ''ვიკინგურს'' შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები