ბონუჩის აგენტმა
Aa
Aa

ბონუჩის აგენტმა "მილანს" ტრანსფერზე დაყენება სთხოვა?!..

გამოცემა SpazioMilan-ის ინფორმაციით, ლეონარდო ბონუჩის აგენტმა, ალესანდრო ლუჩიმ, „მილანის“ ხელმძღვანელობას ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენება სთხოვა. 31 წლის ბონუჩის „მანჩესტერ იუნაიტედს“, „სიტის“, „ჩელსისა“ და „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ.

„როსონერის“ კაპიტანს ამბიციურ პრიექტში ძალების მოსინჯვა სურს და თვალი უფრო პრემიერ ლიგისკენ უჭირავს. „იუნაიტედი“ ბონუჩის დიდი ხანია ეპატიჟება, მაურიციო სარის „ჩელსიში“ დანიშვნის შემდეგ, „ლურჯების“ ინტერესიც გამძაფრდა, პეპ გუარდიოლა კი ხშირად ამბობს, რომ ლეო მისი ერთ-ერთი ფავორიტი მცველია.

გასულ ზაფხულს, ბონუჩი იძულებული გახდა, „იუვენტუსიდან“ წასულიყო და ახალი კლუბიც ყველა ვარიანტში იტალიაში უნდა ამოერჩია. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ მის უმცროს ვაჟ მატეოს იშვიათი და საკმაოდ მძიმე დაავადება ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა ბიჭის იტალიის გარეთ ცხოვრება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.

ახლა სხვა სიტუაციაა, მატეო თითქმის სრულად გამოჯანმრთელდა და ბონუჩის ვარიანტების სიაც საგრძნობლად გაიზარდა.

რაც შეეხება „პსჟ“-ს, შესაძლოა, იტალიის ნაკრების კაპიტანმა იქ გადასვლაზეც იფიქროს და ჯიჯი ბუფონს შეუერთდეს, თანაც ნისლიანი ალბიონის ცივ ჰავას მაინც თავს აარიდებს და იტალიის მეზობელ საფრანგეთში იცხოვრებს.

დღეს ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ბონუჩის აგენტი "პსჟ"-ს წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრა. თუმცა კლუბებს შორის სატრანსფერო მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები