არგენტინის ნაკრების გაწვრთნის მთავარი კანდიდატი ხოსე პეკერმანია
Aa
Aa

არგენტინის ნაკრების გაწვრთნის მთავარი კანდიდატი ხოსე პეკერმანია

ხორხე სამპაოლის დათხოვნის შემდეგ, არგენტინის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან არაერთი სპეციალისტი დააკავშირეს, ბოლო დღეებში კი, პრესამ პოსტის დაკავების მთავარი ფავორიტი გამოკვეთა.

წამყვანი არგენტინული გამოცემა Ole-ს ცნობით, ფეხბურთის ფედერაცია ხოსე ნესტორ პეკერმანთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. 68 წლის სპეციალისტს კოლუმბიის ნაკრებთან კონტრაქტის ვადა 31 აგვისტოს ეწურება.

პეკერმანის ასაკიდან გამომდინარე, "ალბისელესტეს" ხელმძღვანელობა მასთან გრძელვადიან გეგმას ვერ ააწყობს, შესაბამისად, ისინი უფრო ახალგაზრდა სპეციალისტებზეც ფიქრობენ და პარალელურად მათზეც მუშაობენ. საქმე 5 მწვრთნელს - მარსელო გალარდოს, რიკარდო გარეკას, ხორხე ალმირონს, დიეგო სიმეონესა და მაურისიო პოჩეტინოს ეხებათ.

პრობლემა ისაა, რომ ყველა ამ სპეციალისტს მოქმედი და თანაც საკმაოდ ხანგრძლივი კონტრაქტები აქვთ. სიმეონესა და პოჩეტინოს შესახებ ყველამ კარგად ვიცით, გარეკა პერუს ნაკრების დამრიგებელია, გალარდო "რივერ პლეიტს" ავარჯიშებს, ხოლო ალმირონი - "ატლეტიკო ნასიონალს".

პეკერმანი სრულიად ხელმისაწვდომი ხდება, თანაც, მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ "ალბისელესტეს" შიდა სამზარეულო კარგად იცის, რადგან 1994-2001 წლებში არგენტინის 20 წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა, 2004-2006 წლებში კი ეროვნულ გუნდს.

გამოცდილი მწვრთნელი 2012 წლიდან კოლუმბიის ნაკრების თავკაცის პოსტზე მუშაობს და 2014 წლის მუნდიალზე გუნდი 1/4 ფინალში გაიყვანა, რაც კოლუმბიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები