სარიმ
Aa
Aa

სარიმ "ჩელსიში" პირველი პრესკონფერენცია გამართა

ლონდონის "ჩელსიში" მაურიციო სარის ეპოქა დაიწყო! "არისტოკრატების" ახალი მთავარი მწვრთნელი, გამარჯვებებისთვის მზადაა და წარმატების მისაღწევად, რამდენიმე ცვლილების განხორციელებას გეგმავს.

59 წლის სპეციალისტი, ლონდონის "ჩელსიში" ანტონიო კონტეს ჩაანაცვლებს. იგი იტალიაში 13 წლის მანძილზე 9 სხვადასხვა კლუბში მოღვაწეობდა და "ლურჯებთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ჩელსის" არხისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში სარიმ განაცხადა:

"ვფიქრობ, "ჩელსი" კარგი გუნდია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ მის გარდა, ინგლისში კიდევ 5-6 შესანიშნავი კლუბია. მიმაჩნია რომ რამდენიმე ცვლილების შემდეგ, გუნდს ჩემი ფეხბურთის თამაში შეეძლება. პეპ გუარდიოლას, მაურისიო პოჩეეტინოს, ჟოზე მოურინიოსა და იურგენ კლოპის დონის მწვრთნელების წინააღმდეგ ასპარეზობა, უდიდესი პატივია და დარწმუნებული ვარ, წინ მძიმე ბრძოლები გველის". 

შეგახსენებთ, რომ სარიზე კომენტარი პეპ გუარდიოლამაც გააკეთა, რომელმაც იტალიელი შეაქო და განაცხადა, რომ მისი ჩამოსვლა, პრემიერ ლიგის კონკურენციას უფრო გაამძაფრებს და ჩემპიონატის დონეს ერთიორად აამაღლებს. "სიტის" მწვრთნელის კომენტარს და ჟორჟინიოს საკითხს, სარი ინტერვიუს დასკვნით ნაწილში შეეხო.

"მე და გუარდიოლა მეგობრები ვართ და ჩემზე ასე მხოლოდ ამიტომ ისაუბრა. რაც შეეხება ჟორჟინიოს, იგი ფიზიკური მოთამაშე არაა და უფრო მეტად ტექნიკაზეა დამოკიდებული. მისი უპირატესობა სისწრაფეა და ბურთთან ერთად დიდი მანძილის დაფარვა, წამის მეასედებში შეუძლია". - დასძინა "ლურჯების" ახალმა თავკაცმა.

მაურიციო სარი წლების მანძილზე იტალიის დაბალი ლიგების გუნდებში მუშაობდა. 2012-2015 წლამდე კი "ემპოლის" ავარჯიშებდა, რომელთან ერთად მიღწეულმა კარგმა შედეგებმა მისი "ნაპოლიში" გადასვლა განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები