პრაღის ''სლავია'' ჩოჩიშვილს ეროვნულ ლიგაში გაანათხოვრებს
Aa
Aa

პრაღის ''სლავია'' ჩოჩიშვილს ეროვნულ ლიგაში გაანათხოვრებს

ჩეხური პრაღის ''სლავია'' 20 წლის ქართველ მეკარე გიორგი ჩოჩიშვილს ბოლნისის ''სიონში'' გაანათხოვრებს. crystalsport-ის ინფორმაციით ჩოჩიშვილი ბოლნისურ კლუბთან ერთად ემზადება და მიმდინარე წლის ნოემბრამდე ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

''საბურთალოსა'' და ''შევარდენის'' ყოფილმა მეკარემ 2017 წლის 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თავი კარგად წარმოაჩინა, რის შემდეგაც პრაღის ''სლავიასთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჩოჩიშვილმა გასული სეზონის პირველი ნახევარი ''სლავიას'' 21 წლამდე გუნდში გაატარა, შემდეგ კი განათხოვრებით სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის კლუბ ''ზლატე მორავცეში'' ასპარეზობდა, რომელსაც თბილისის ''დინამოს'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი წვრთნიდა.

ჩოჩიშვილი ''სიონში'' ახალი მთავარი მწვრთნელის, თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს 

ჩოჩიშვილს საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. მიმდინარე წელს გია ცეცაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია.

ბოლნისური კლუბი ეროვნული ლიგის მესამე წრეში პირველ მატჩს ჩოჩიშვილის ყოფილი კლუბის, ''საბურთალოს'' წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელი 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ჩოჩიშვილის შვილიშვილია.

ფოტო: gff, ''სიონის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები