Aa
Aa

ისე, როგორც გმირებს შეეფერებათ! - სახალხო ზეიმი ხორვატიაში

საფრანგეთის ნაკრების მსგავსად, სამშობლოში გმირებივით მიიღეს ხორვატიის ნაკრებიც. ზლატკო დალიჩის გუნდი ზაგრების საერთაშირისო აეროპორტში დაეშვა, სადაც ადგილობრივები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს ელოდნენ.

ავტობუსი ქალაქის მთავარი მოედნისკენ ნელ-ნელა გადაადგილდებოდა, რა დროსაც ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ფანებს ესალმებოდნენ და ავტოგრაფებს არიგებდნენ.

ზეიმის პარალელურად, ზაგრების ცაზე თვითმფრინავი გამოჩნდა, რომელსაც ხორვატიის დროშა ამშვენებდა, ზლატკო დალიჩს კი ცრემლების შეკავება უჭირდა.

სიტყვები არ მაქვს საიმისოდ, რომ ასეთი დახვედრისთვის მადლიერება გამოვხატო. ჩვენ საკუთარი თავებისთვის, ოჯახებისა და მთლიანად ხორვატიისთვის ვთამაშობდით.

ასევე, ბოსნიაში მცხოვრები ხორვატებისთვის, დანარჩენი დიასპორისთვის და ომის ვეტერანებისათვის, რომელთა გარეშეც დღეს ეს დროშა აქ არ გვექნებოდა. თქვენ დაგვეხმარეთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოგვევლინა, თქვენ დაეხმარეთ ბიჭებს, რომ თავიანთი მაქსიმუმი ეჩვენებინათ“. - მიმართა ფანებს დალიჩმა.

გულშემატკივრებს ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა და ივან რაკიტიჩმაც მიმართეს. მოდრიჩმა ფანებთან ერთად სიმღერაც შეასრულა.

მოდრიჩი: „გმადლობთ, ხორვატია! გმადლობთ, ზაგრებო! ეს ოცნება ახდა! გმადლობთ ყველაფრისთვის და ჩვენ წარმატებული სვლა ერთად უნდა გავაგრძელოთ“.

რაკიტიჩი: „სიტყვები არ არსებობს. ჩვენ, როცა თქვენს თანადგომას ვხედავდით, ვგრძნობდით, როგორი პრივილეგირებულები ვიყავით. სწორედ ამან შეგვაძლებინა, რომ ჩვენი ქვეყნისათვის და მისი დროშისათვის გვებრძოლა. დიდი მადლობა, დიდი მადლობა“.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ხორვატიის ნაკრებს მოსახლეობის დაახლოებით 10%-ზე მეტი დახვდა, რაც ნახევარ მილიონ ადამიანს უტოლდება.

ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. 1998 წლის მუნდიალზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი, წელს ამ შესანიშნავმა ნაკრებმა გააუმჯობესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები